„კომერციული ატაშეებით შეიძლება მორიგი აქტივისტების დასაქმების პროექტი მივიღოთ“, - ეს განცხადება bm.ge-თან პარლამენტის წევრმა და ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ გააკეთა.
მისი თქმით, ეს არ უნდა იყოს მორიგი დასაქმების პროექტი და პირები ვინც, აღნიშულ თანამდებობაზე დაიშნებიან, სულ მცირე რამდენიმე ინვესტორს მაინც უნდა იცნობდნენ და პირადი კონტაქტები გააჩნდეთ.
“ვინ არიან ეს ადამიანები, რა გამოცდილება აქვთ, ჯერ არავინ იცის, ეს საქმე შეიძლება დიპლომატებმაც გააკეთონ თუ საბონუსე სისტემას ავამოქმედებთ, თითო მოძიებულ ინვესტორზე”, - აცხადებს ნაყოფია.
მისივე თქმით, პირველ რიგში ქვეყნაში სასამართლო სისტემაა მოსაწესრიგებელი, რადგან თუ ინვესტორი შეხედავს, რომ საქართველოში პრობლემა აქვს ისეთ საერთაშორისო ბრენდს, როგორიცაა “პილიპ მორისი” და ამ დროს ეცოდინება, რომ სასამართლო სისტემა გაუმართავია, იმ ქვეყენაში ინვესტიციებს არ შემოიტანს.
ამასთან, ბიზნესმენი bm.ge-თან საუბარში საინვეტიციო სააგენტოზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსულმა ინვესტორების დიდმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, ვის უნდა მიმართოს, რადგან აღნიშნული სააგენტოს ფუნქციები სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" შეითავსა.
შეგახსენებთ: ეკონომიკის სამინისტრომ კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსი მიმდინარე წლის 6 მარტს გამოაცხადა. აპლიკანტებისგან განაცხადების მიღება აპრილში დასრულდა, თუმცა ატაშეები ამ დრომდე შერჩეული არაა. რაც შეეხება ქვეყნებს პირველ ეტაპზე საქართველოს კომერციული ატაშე 6 ქვეყანაში (აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) ეყოლება.

























