მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია რუსეთიდან ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების ჩაშლას ცდილობს

კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. „დიპ სტეიტს“ საქართველოსთან დაკავშირებით ახალი გეგმა აქვს, რომელიც ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლის აღკვეთასა და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულ შეჩერებას ისახავს მიზნად.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ პროცესის საბოლოო ამოცანა საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა და ქვეყნის სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა.

„თუკი 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებისას, „დიპ-სტეიტის“ დავალებით, ადგილობრივი რადიკალური აგენტურა ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისკენ მოუწოდებდა, ამავდროულად კი უცხოელი აგენტები საქართველოს სოხუმსა და ცხინვალში სამხედრო ძალით „გასეირნებას“ სთავაზობდნენ, „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო, ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს. ამ ყველაფრის, ისევე, როგორც მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა, რაც, ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს უკიდურეს დასუსტებამდე და განადგურების საფრთხემდე მიდის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებებს შორის ურთიერთობებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შენარჩუნება ნებისმიერ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მნიშვნელოვანია.

„სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არ დაზიანდეს ხალხებს შორის არსებული კავშირები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უამრავი შერეული ოჯახი ცხოვრობს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ასევე, რუსეთში ცხოვრობს დიდი ქართული დიასპორა, ხოლო საქართველოში - რუსული წარმოშობის არაერთი ადამიანი. ამიტომაც, როგორიც არ უნდა იყოს „დიპ-სტეიტის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს, რადგან საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებაში,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მიმდინარე წლის 6 თვეშიც საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან მიიღო - ჯამში 307 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები