“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ღონისძიება 29-30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახსნის. CPAC-ის რიგით მეოთხე კონფერენციაზე დაგეგმილია კობახიძის სიტყვით გამოსვლა.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ცნობისთვის, ღონისძიება უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში ყოველწლიურად იმართება და მას "ქართული ოცნების" პირველი პირები მუდმივად ესწრებიან. მათ შორის, გასულ წლებში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში, თავად ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა. ღარიბაშვილის კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ, ევროპელი სოციალისტების პარტიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 2023 წლის ივნისში დაგეგმილ შეხვედრაზე „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის სტატუსს შეაფასებდა. ამის საპასუხოდ, მმართველი პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, - მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები“. ივნისში ევროპელი სოციალისტების პარტიამ „ქართული ოცნებას“ წევრობა ოფიციალურად შეუწყვიტა.




























