მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე: ვცდილობდით, ხელი შეგვეწყო ასეთი შეთანხმების გაფორმებისთვის

ტრამპი, ალიევი, ფაშინიანი

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე ამბობს, რომ საქართველოს მხარე აქტიურად ცდილობდა მსგავსი შეთანხმების მიღწევას.

„მინდა მივულოცო ჩვენს მეგობარ მეზობელ სახელმწიფოებს მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს შეუწყობს როგორც მშვიდობის, ისე ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცებას რეგიონში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, რომ ჩვენი რესურსებით ხელშეწყობილი ყოფილიყო მსგავსი შეთანხმების გაფორმება. მადლობა პრეზიდენტ ტრამპს მისი ლიდერობით იქნა უზრუნველყოფილი ამ ხელმოწერა,“ – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, შეთანხმება ემსახურება მეზობელი ქვეყნების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, რაც მთლიანად რეგიონში სტაბილურობასა და კეთილდღეობას გააძლიერებს. მისი განცხადებით, საქართველოს გასული 30 წლის განმავლობაში შეეტანა წვლილი რეგიონული მშვიდობის შენარჩუნებაში, რაც მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან დაფასებულია.

„მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მეზობლებთან ერთად უზრუნველვყოთ რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება,“ – დასძინა მან.

9 აგვისტოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა თეთრ სახლში ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებებს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის – ზანგეზურის (TRIPP) – განვითარებაზე. შეთანხმების მიხედვით, დერეფანი სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად აშენდება, ხოლო ინფრასტრუქტურის მართვა კონსორციუმს გადაეცემა.

გარდა ამისა, მხარეები მოითხოვენ ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლას, რომელიც 1992 წელს შეიქმნა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შუამავლობის მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები