ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომ წლის ბოლომდე, აქციაზე ნიღბით სიარული აიკრძალება, რასაც BMG-ის მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიას შემხვედრი შეკითხვა მოჰყვა.
თელარა გელანტია: წინა ხელისუფლების დროს, ყოფილხართ აქციაზე, გისუნთქიათ მხუთავი აირი?
ირაკლი კობახიძე: აქ, ვისთან მოხვედით, როგორც ვინ? აღიარებთ რომ პრემიერ ვარ?
თელარა გელანტია: წინა ხელისუფლების დროს, ყოფილხართ აქციაზე, გისუნთქიათ მხუთავი აირი, ამას გეკითხებით.
ირაკლი კობახიძე: ჩვეულებრივი "ნაცი" ხარ.
თელარა გელანტია: ნიღბებს რომ აკრძალავთ დავიხრჩოთ? როგორ მოვიქცეთ მოქალაქეები, როცა მხუთავ აირს უშვებენ?
ირაკლი კობახიძე:
„რომ არ იძალადოთ, საერთოდ არ იქნება არც მხუთავი გაზი და არც წყალი. ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრაზმს მიადგნენ, აგინებდნენ უშვერი სიტყვებით და ესროდნენ ქვებს და შუშის ბოთლებს. ამან გამოიწვია წყლის და გაზის გამოყენება. თქვენი პარტია აკეთებდა ამას. თუ არ დაესხმებით თავს პარლამენტის შენობას, შსს-ს, არაფერი იქნება“.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, აქციაზე წყლის ჭავლი და აირი იმისთვის გამოიყენება, რომ შეკრება დაიშალოს.
„არავინ მოკვდება. მაგალითად, გერმანიაში აკრძალულია შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვა იმიტომ, რომ როდესაც შეკრებაზე ნიღბით მიდიხარ, ამით სერიოზულ რისკებს აჩენ, რადგან ძალიან უჭირს მერე შსს-ს რეაგირება და მოძალადეების იდენტიფიცირება. აპრიორი ითვლება, რომ თუ სახე გაქვს დაფარული და ასე მიდიხარ შეკრებაზე, ე.ი. წინასწარვე ემზადები ძალადობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ გუშინ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმაზე კითხვასაც უპასუხა.
„სასიკვდილოდ გაწირეს? რატომ უტრირებ ახლა? სასიკვდილოდ თუ ვინმე გაწირეს, იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორი, რომელსაც თქვენმა თანაპარტიელმა, „ორკმა“ სახეში პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა და არც ერთხელ დაგიგმიათ ეს ფაქტი. სირცხვილია. რატომ, იცი? იმიტომ, რომ „ნაცი“ ხარ და „ნაცები“ ხართ თავიდან ბოლომდე თქვენი ტელევიზია“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.