პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს. გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემდეგ გამოცხადდა.
ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობა არჩილ თალაკვაძეს წარადგენს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი 10 დღის ვადაში აირჩიევს ახალ თავმჯდომარეს.
“თუ საკითხის განხილვის პერიოდში პარლამენტის პლენარული სხდომები არ მიმდინარეობს ან თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 10 დღეზე ნაკლები, საკითხი განიხილება რიგგარეშე სხდომაზე ან სესიაზე,”- წერია რეგლამენტში.
კობახიძის გადადგომა გუშინ საქართველოს პარლამენტში ჩატარებულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას უკავშირდება.
აღნიშნული ღონისძიება სწორედ ირაკლი კობახიძის ადგილიდან რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე წაიყვანა, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ ასამბლეის წევრებს აღარ მისცეს სესიის გაგრძელების საშუალება, რის შემდეგაც ღონისძიებამ სასტუმრო “რადისონში” გადაინაცვლა. თუმცა, აქაც არ ჩატარებულა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მალევე საქართველო დატოვეს. ღონისძიების პარლამენტში ჩატარებას მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტიც, რომელმაც გუშინ ღამით პარლამენტის მიმდებარედ გადაინაცვლა. მომიტინგეების მოთხოვნა იყო, “ქართულ ოცნებას” აეღო მომხდარზე პასუხისმგებლობა. აქტივისტების ნაწილმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მოწოდების შემდეგ პარლამენტის შენობის დაკავება სცადა, რასაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოჰყვა. სიტუაცია მოგვიანებით კიდევ უფრო დაიძაბა, აქციის დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავებულია ათობით ადამიანი. დაკავებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის ცნობილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ განცხადებები გააკეთეს პრემიერმინისტრმა და უმრავლესობის წევრებმა, ასევე “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ყველა, ვინც ეს “შეცდომა” დაუშვა გუნდში, აიღებს პასუხისმგებლობას.
“ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა. შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს.
იმავდროულად, 19:00 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს”,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე პარლამენტის სპიკერად 2016 წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ აირჩიეს.
მანამდე ის ქართულ ოცნებაში იკავებდა აღმასრულებელი მდივნის ადგილს, მისი სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი (2015 - 2016)
კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2011 - 2014)
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი (2006 - 2014)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი (2005 - )
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი (2000 - 2001)

























