„სიტუაციის ყველაზე კარგი განმუხტვა იქნება მთავრობა გადადგეს“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კობერიძე აღნიშნავს, მთავრობამ საზოგადოებას გრძელვადიანი ეკონომიკური გეგმები უნდა წარუდგინოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ თანმიმდევრულად თქვას, მოკლევადიან პერიოდში რას აპირებს და ასევე, საზოგადოებას გრძელვადიანი რეალური გეგმა გააცნოს ქვეყანა საით მიდის და რას აპირებს ქვეყანა ეკონომიკის თვალსაზრისით.
თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაშინ სიტუაციის ყველაზე კარგი განმუხტვა იქნება გადადგეს მთავრობა. ინფლაციაც გაქცეულია, ეროვნული ბანკი ინფლაციაზე პასუხისმგებელი ხომ არის? რა უფლებები უნდა გავუფართოვოთ მას, რა უფლებებიც აქვს ის არც მოგვითხოვია.
დღეს ეროვნულ ბანკზე იერიშის მიტანა ნამდვილად არ მინდოდა იმიტომ, რომ შექმნილი სიტუაცია მათი პასუხისმგებლობა ნამდვილად არ არის. როდესაც ეროვნული ბანკი განცხადებას აკეთებს უნდა გამოვიდეს და თქვას სიმართლე და სიმართლე არის ის, რომ მთავრობის მიერ ლარის კურსის გაუფასურების 20 ივნისზე გადაბრალება არის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება და პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობა“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
30 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ახალ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი დოლარი 2.9507 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 1.61 თეთრით მეტია.

























