“ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის 2000 წელს მოგებული საჩემპიონო ბეჭედი აუქციონზე იყიდება. სააუქციონო სახლ, Goldin Auctions-ში ამ დროისთვის 13 შეთავაზებაა შესული და მაქსიმალური შეთავაზებული თანხა 94 ათასს დოლარს შეადგენს.
ბეჭედი, რომელიც 14 კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული და რომელშიც 40 ბრილიანტის თვალია განთავსებული, ფენომენალურმა კალათბურთელმა საკუთარ მამას, ჯო ბრაიანტს უსახსოვრა.
ჩემპიონობისას კობიმ ერთი ბეჭედი საკუთარი დედისთვის პამელა ბრაიანტისთვისაც დაამზადა, რომელმაც ნივთი 2020 წელს 206 ათასს დოლარად გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ Goldin Auctions-ის გვერდზე ნათქვამია, რომ ბეჭედი არ წარმოადგენს რეპლიკას და არის ზუსტად ის ორიგინალი ვერსია, რომელიც “ლეიკერსის” კალათბურთელებს დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სააუქციონო სახლს ბეჭდის გარდა გასაყიდად გამოტანილი აქვს, 2010 წლის რეგულარ სეზონში ნაცვამი კობი ბრაიანტის მაისური, 2017 წელს გამოყენებული კევინ დურანტის მაისური და სტეფ კარის ფეხსაცმელი და ამავდროულად მაიკლ ჯორდანის საკოლექციო ბარათი მისი სადებიუტო სეზონიდან.
ცნობისთვის, აუქციონზე შეთავაზებების მიღების ბოლო ვადად 30 მარტი განისაზღვრა.