2000 წელს NBA-ის ფინალებში “Los Angeles Lakers-მა” “Indiana Pacers-ი” 4-2 დაამარცხა, შედეგად კი ლეგენდარულმა კობი ბრაიანტმა თავისი პირველი საჩემპიონო ბეჭედი მიიღო. დაახლოებით ორი კვირის წინ, სააუქციონო სახლმა Goldin-მა გასაყიდად სწორედ აღნიშნული ბეჭდის ორიგინალი ვერსია გამოიტანა, რომელიც კობი ბრაიანტმა საკუთარ მამას, ჯო ბრაიანტს უსახსოვრა.
თავდაპირველად ჯომ ბეჭედი 2013 წელს 173 ათას დოლარად გაყიდა, რაც მაშინ რეკორდულ თანხად მიიჩნეოდა. 26 მარტს ცხადი გახდა, რომ ხელახლა გასაყიდად გამოტანილი ბეჭედი საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებდა, რადგან სააუქციონო სახლმა 184 ათასიანი შეთავაზება მიიღო.
აუქციონის უკანასკნელ დღეს Goldin-მა 19 შეთავაზება მიიღო, საიდანაც უკანასკნელი გამარჯვებული მყიდველის შეთავაზებულმა თანხამ 927 ათასი დოლარი შეადგინა.შედეგად ბეჭედი გახდა ყველაზე ძვირად გასხვისებული კობი ბრაიანტის ნივთი, რაც კი ოდესმე საჯაროდ გასაყიდად გამოუტანიათ.
აქამდე რეკორდის მფლობელი ბილ რასელი იყო, რომლის 1957 წელს მოგებული საჩემპიონო ბეჭედი 2021 წელს 705 ათას დოლარად გაიყიდა.
თუკი მხედველობაში ყველა სპორტის სახეობას მივიღებთ, რეკორდის მფლობელი ნიუ იორკული ბეისბოლის კლუბ “Yankees” მოთამაშე ბეიბ რუთია. 2017 წელს ბეისბოლის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის 1927 წლის საჩემპიონო ბეჭედი სააუქციონო სახლმა Lelands-მა 2,1 მილიონ დოლარად გაყიდა.
ბრაიანტის ბეჭედზე, რომელიც 14 კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული და რომელშიც 40 ბრილიანტის თვალია განთავსებული, ჯამში 43 შეთავაზება შევიდა, თუმცა მყიდველმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.