ლებრონ ჯეიმსისა და კობი ბრაიანტის სპორტული საკოლექციო ბარათების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება შედგა, ხუთშაბათს ერთი ბარათი, რომელზედაც NBA-ის ორივე ლეგენდაა გამოსახული, 6,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
2007-08 წლების Upper Deck Exquisite Collection-ის უნიკალური, ერთ ეგზემპლარად შექმნილი ბარათი ლებრონ ჯეიმსისა და კობი ბრაიანტის ავტოგრაფებს და ორივე კალათბურთელის მაისურიდან აღებულ NBA Logoman-ის ემბლემებს აერთიანებს. ბარათი Alt-ის აუქციონზე გაიყიდა და შედეგად, სპორტული საკოლექციო ბარათების საჯაროდ ცნობილ ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ 10 გაყიდვას შორის მოხვდა.
ბარათზე თითოეული მოთამაშის მაისურიდან ამოჭრილი NBA-ის ლოგოს ფრაგმენტია წარმოდგენილი, რომელსაც კოლექციონერები მსგავსი ბარათების ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას კომპონენტად მიიჩნევენ.
ამ გაყიდვით ჯეიმსმა კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა იმ კალათბურთელებს შორის, რომელთა საკოლექციო ბარათებიც მილიონ დოლარზე მეტად გაყიდულა.
ონლაინ ბაზა Card Ladder-ის მონაცემებით, ეს ჯეიმსის ბარათისთვის უკვე 30-ე შემთხვევაა, როდესაც მისი ფასი შვიდნიშნა, ანუ მინიმუმ 1 მილიონ დოლარს მიაღწია.
კობი ბრაიანტისთვის კი ეს მე-16 შემთხვევაა, როდესაც მისი რომელიმე ბარათი მინიმუმ 1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ მაჩვენებლით ბრაიანტი მეექვსე ადგილზეა და ჩამორჩება ლებრონ ჯეიმსს, მიკი მანტლს, ტომ ბრედის, ჰონუს ვაგნერსა და მაიკლ ჯორდანს.
























