"ჩაინა ლილო სითის" ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, შპს "ლილო სითის" მფლობელის ლაურა ღაჭავას შვილი, "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების" პრეზიდენტი გიორგი კოდუა მივიდა.
როგორც კოდუამ BM.GE–სთან საუბრისას განაცხადა, მისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მისი ოჯახი გამოძიების შედეგებს დაელოდება.
რაც შეეხება "ჩაინა ლილო სითის" დირექტორის ზვიად ქირიას ვარაუდს, რომ ხანძრის მიზეზი შესაძლოა, მაღალჩინოსნების მხრიდან დივერსია იყოს და ლაურა ღაჭავაზე ზეწოლის გზით, დაინტერესებული პირები ღაჭავას შვილებზე გასვლას ცდილობენ, გიორგი კოდუა ამბობს, რომ მსგავსი ვარაუდის გასავითარებლად მას მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ოჯახის ბიზნესს პრობლემები შეექმნა.
"ლაურა ღაჭავას ობიექტები დაყადაღებული იყო. ბოლო ორი კვირაა, დაძაბული სიტუაციაა – ფინანსური პოლიციაა შემოსული და ტრანზაქციები გაჩერებულია. ბიზნესმა რომ იმუშაოს, ამისთვის საჭიროა საბანკო ანგარიშებზე წვდომა.
ვიცოდით, რომ შემოწმების მიზნით შემოვიდნენ და ამბობდნენ, ყველაფერი რიგში რომ იქნება, გავალთო... შეიძლება ეს დამთხვევაა (ხანძართან). არ შემიძლია ფაქტების გარეშე საუბარი", – განაცხადა გიორგი კოდუამ და დასძინა, რომ ბიზნესის მხრივ, სახარბიელო სიტუაცია არ არის.
რაც შეეხება ხანძრის ტერიტორიას, მისი ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტის მეორე ბლოკის ნაწილი დაიწვა, სადაც ჩინური საქონელი ივაჭრებოდა.
ცეცხლი ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე დაახლოებით, 22:00 საათზე გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.

























