პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, ირაკლი კოვზანაძე ლარში იპოთეკური სესხების აღების გამარტივებას აფასებს. მისი თქმით, დაკრედიტებაში კოეფიციენტის შემცირება ზოგიერთი მიმართულებით შესაძლებელია, მათ შორის დეველოპერულ სექტორშიც.
„საქართველო ღია და მცირე ეკონომიკაა და ის ეგზოგენური მოვლენები, რომელსაც ჩვენ ახლა "რუსულ ფაქტორს" ვუწოდებთ კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებულ მოვლენები, რომელიც ჩენ გავატარეთ იყო სწორი. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა სისტემაში გარკვეული საფინანსო რისკი მიგვეღო.
ეს არის სწორი და ეს მიმართულებაა შესანარჩუნებელი, მაგრამ არის გარკვეული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია გარკვეული კოეფიციენტების შემცირება და მათ შორის ეს არის დეველოპმენტი და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ცენტრალური ბანკიც იფიქრებს.
ერთადერთი დამოუკიდებელი სტრუქტურა კონსტიტუციურად გამყარებული, რომელმაც შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს ეს ცენტრალური ბანკია. ჩვენ შეგვიძლია გამოვიჩინოთ გარკვეული ელასტიურობა ეკონომიკის ამ სეგმენტის მიმართ“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ცნობისთვის, იპოთეკური სესხების აღება ლარში გამარტივდება. როგორც Bm.ge საბანკო ასოციაციაში განუცხადეს, ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20% - იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდულებით შეაფასებენ.

























