მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში" მომავალი წლისთვის სახელფასო ფონდს 10%-ით გავზრდით" - თემურ ჭყონია

თემურ ჭყონია

„მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტის, თემურ ჭყონიას განცხადებით, "კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიაში" მომავალი წლიდან ხელფასები საშუალოდ 10%-ით გაიზრდება. საკითხზე მან BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა შედეგები აქვს მის ბიზნესს 9 თვის განმავლობაში, ჭყონიამ უპასუხა: “ჩვენი პრიორიტეტი ცხრა თვის განმავლობაში ორიენტირებული იყო გაგვეუმჯობესებინა ჩვენი თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა. ეს იყო როგორც ხელფასების ზრდა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება, ასევე, შევძელით, შეგვენარჩუნებინა და გაგვეუმჯობესებინა წარმოების კულტურა, რათა ადამიანმა სამსახურში ყოფნის დროს იგრძნოს, რომ თავისი შრომის შედეგი იქნება ღირსეული და სახლში დაბრუნდეს არა დაღლილი შრომით, არამედ დაღლილი იმ შედეგებით, რაც მის ოჯახს კეთილდღეობას მოუტანს და იქნება სამუშაო პროცესით ნასიამოვნები. მომავალ წელსაც იგივე პრიორიტეტი გვექნება ჩვენ, რათა ჩვენმა თანამშრომელმა რაც შეიძლება მეტად იგრძნოს თავი კომფორტულად. ეს უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენი მომხმარებელიც იქნება კმაყოფილი, ვინაიდან მომსახურების და ხარისხის დონე იქნება მაღალი”, - განაცხადა მან.

ბიზნესმენის თქმით, ამ მიდგომამ ხელი შეუწყო შემოსავლების და რეალიზაციის ზრდას იმდენად, რომ გეგმებში არსებული სტატისტიკა გაუმჯობესდა.

“ცხოვრება ვითარდება, ჩვენც უნდა განვვითარდეთ. ციფრებს რაც შეეხება, სახელფასო ფონდი მარტო კოკა-კოლაში არის 38 მლნ ლარი წელიწადში, მომავალ წელს ვზრდით საშუალოდ 10%-ით, მეტ-ნაკლებად. მომავალ წელს ჩვენი სახელფასო ფონდი იქნება 47 მლნ ლარი. წარმოიდგინეთ როგორ ვზრდით ადამიანების შემოსავალს. სახელმწიფო ბიუჯეტში, მარტო “კოკა-კოლა” და “მაკდონალდსი” წლის ბოლომდე შეიტანენ მინიმუმ 162 მლნ ლარს. ის კომპანიები, რომლის თანადამფუძნებელიც ვარ, ყველა ერთად რომ შეკრიბო, დაახლოებით 267 მლნ ლარამდე ადის. მომავალ წელს, როცა ხელფასები გაიზრდება 10%-ით, ბიუჯეტში ჩვენი შენატანი 300 მილიონზე მეტი იქნება”, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები