მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკიტოს სათამაშოები" გაფართოვდა - რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს ახალ სივრცეში?

კოკიტო

ხის სათამაშოების მწარმოებელი „კოკიტოს სათამაშოები“ გაფართოვდა და ამჟამად, არასტანდარტული კონცეფციით „ბაზარი ორბელიანზეა“ წარმოდგენილი. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "კოკიტოს სათამაშოების" დამფუძნებელმა, ლალიკო გოგიბერიძემ განაცხადა.

კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, ამ დრომდე „კოკიტოს“ პროდუქციის რეალიზაცია „სითი მოლში“, სხვადასხვა ქსელურ მარკეტებსა თუ ონლაინ პლატფორმების საშუალებით ხდებოდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ, კომპანიამ ფილიალი „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნა, სადაც მომხმარებელს სათამაშოს შეძენის გარდა, ბავშვის დატოვებისა და ბავშვის ასაკის შესაბამის ე.წ ვორქშოპის სერვისსაც სთავაზობს.

„ამ ეტაპზე 20-მდე მოდელი გვაქვს, რომელიც ბავშვის განვითარებაზეა ორიენტირებული. მუდმივად ვამატებთ ახალ მოდელებს და ვამრავალფეროვნებთ პროდუქციას.

"კოკიტოს" პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ჩვენსავე ინტეგრირებულ "სითი მოლის" სტენდზე ხდება. ამასთან, პროდუქცია გარკვეულ ქსელურ მაღაზიებში შეგვაქვს, როგორიცაა პეპელა. ასევე, სოციალური ქსელებისა და ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ვყიდით. თუმცა, სულ რამდენიმე თვის წინ, ჩვენი სივრცე უკვე „ბაზარი ორბელიანზეც“ გაიხსნა, სადაც ჩვენ პროდუქციასთან ერთად, სხვა ქართული ბრენდების მიერ წარმოებული ხის პროდუქციაც გვაქვს განთავსებული. სივრცეში არასტანდარტული კონცეფციით ვართ წარმოდგენილი, ვინაიდან მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს, მოიყვანოს ბავშვი, დაათვალიეროს სათამაშოები, ადგილზე ათამაშოს ბავშვი და შემდეგ შეიძინოს პროდუქცია.

ამასთან, ადგილზე ბავშვის რამდენიმე საათით დატოვების სერვისსაც ვთავაზობთ, რა დროსაც ჩვენი თანამშრომლები ბავშვების თამაშსა და მათ განვითარებაზე იზრუნებენ. ნახევარი საათის ღირებულება 15 ლარი, ხოლო 1 საათით დატოვების ღირებულება 25 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ჩვენს მომხმარებელს, ასაკზე მორგებულ ე.წ. ვორქშოპებს ვთავაზობთ და სურვილის შემთხვევაში, ადგილზე პატარა დაბადების დღის წვეულებებიც იმართება ხოლმე“, - აცხადებს გოგიბერიძე.

მისი თქმით, ე.წ. ვორქშოფებზე მოთხოვნა მაღალია და სტაბილურად, შაბათობით პატარებს მასპინძლობენ ხოლმე. სივრცეში 12 ბავშვის მასპინძლობაა შესაძლებელი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში „ბაზარი ორბელიანზე“ საერთო სივრცის გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა, რათა მეტ ბავშვს უმასპინძლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები