მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოლაფსის მოლოდინში: ჰეჯ-ფონდები უმსხვილესი კრიპტო სტეიბლკოინის წინააღმდეგ დიდ ფსონს დებენ

62bab83d9e9ae
გიორგი თოლორდავა
28.06.22 15:32
9095
ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, კრიპტოინდუსტრია მორიგი გამოწვევის წინაშეა: ჰეჯ-ფონდებისა და საფინანსო ორგანიზაციების რეკორდული რაოდენობა უმსხვილესი სტეიბლკოინის წინააღმდეგ დიდ ფსონს დებს.

ჰეჯ-ფონდების სამიზნე რიგით მესამე უმსხვილესი კრიპტოვალუტა Tether (USDT) გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც ამჟამად 66.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ანალიტიკოსებსა და ტრეიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ სტეიბლკოინი უახლოეს მომავალში $1-დოლარიან ღირებულებას დაკარგავს, რაც შემდგომ მის დამატებით გაუფასურებას და პოტენციურად კოლაფსს გამოიწვევს.

ზემოხსენებული სცენარის განვითარების შემთხვევაში, ის ჰეჯ-ფონდები, რომელთაც ამჟამად საწინააღმდეგო (short) პოზიციები აქვთ გახსნილი, სოლიდურ მოგებას მიიღებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ USDT შეინარჩუნებს სტაბილურობას, ჰეჯ-ფონდების პოზიციები ლიკვიდირებული იქნება ანუ ისინი ზარალზე გავლენ.

ტრეიდერების მიერ USDT-ის წინააღმდეგ ფსონის დადების მთავარ მიზეზად ექსპერტები გასულ თვეს მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინის TerraUSD-ისა და მისი მხარდამჭერი კრიპტოვალუტის LUNA-ს $50-მილიარდიან კოლაფსს ასახელებენ. მათი შეფასებით, Terra-ს პრეცედენტი იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ მაღალი ვოლატილობის ფონზე პრობლემები, შესაძლოა, Tether-საც შეექმნას, რომლის ფუნდამენტური ფაქტორების წინააღმდეგ კრიტიკული დამოკიდებულება უკვე წლებია არსებობს.

შეგახსენებთ, რომ სტეიბლკოინი კრიპტობაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია, ამ ტიპის კრიპტოვალუტების არსებობის მთავარი დანიშნულება ტრანზაქციების გამარტივებაა. სტეიბლკოინების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კრიპტოაქტივით ვაჭრობა, ერთმანეთში გადაცვლა და თანხის განაღდება.

სტეიბლკოინების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ღირებულება ყოველთვის ერთ ამერიკულ დოლარს უტოლდება, არც მეტს, არც ნაკლებს - გამყარების ან გაუფასურების შემთხვევაში სტეიბლკოინი აზრს კარგავს.

მსოფლიოს ათი უმსხვილესი კრიპტოვალუტიდან სამი სტეიბლკოინია, მათ შორისაა: USDT, USDC და BUSD.

გასულ თვეს, Terra-ს კოლაფსის ფონზე, Tether-მა $1-დოლარიანი შეფასება დროებით დაკარგა და მისი ღირებულება 95 ცენტამდე შემცირდა, რაც სტეიბლკოინების სტანდარტით მკვეთრ გაუფასურებად ითვლება.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია Tether-ის, როგორც ორგანიზაციის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხი. სტეიბლკოინის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სავალუტო რეზერვების არსებობა, რადგან მომხმარებლის მიერ სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, ორგანიზაცია „ვალდებულია“, რომ ერთი USDT-ის სანაცვლოდ მომხმარებელს ერთი ამერიკული დოლარი გადასცეს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის უჩვეულოდ დიდ რაოდენობას ერთდროულად მოუნდება USDT-ის განაღდება, მაშინ Tether-ს საკუთარი სავალუტო რეზერვების გამოყენება მოუწევს, ისევე, როგორც ეს ბანკების შემთხვევაშია.

გასათვალისწინებელია, რომ ბანკებისგან განსხვავებით, კრიპტოინდუსტრიას არ ჰყავს ცენტრალური მარეგულირებელი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს და გააკონტროლებს სტეიბლკოინების რეზერვების მოცულობას და გამჭვირვალობას. ამჟამად ერთადერთი გარანტია იმისა, რომ Tether-ის რეზერვში $66 მილიარდის შესაბამისი რაოდენობის ფულადი სახსრები ინახება, მხოლოდ თავად ამ ორგანიზაციის განცხადებაა, რომელიც დამოუკიდებელი ავტორიტეტული აუდიტორების მიერ არ არის გადამოწმებული და დადასტურებული.

Tether-ის მტკიცებით, რეზერვის 90% სადეპოზიტო და ფასიან ქაღალდებში, ობლიგაციებსა და სხვა საფინანსო ინსტრუმენტებშია განთავსებული, უშუალოდ ნაღდი ფულზე კი რეზერვის 10%-ზე ნაკლები მოდის.

ჰეჯ-ფონდების შეფასებით, USDT-ის განაღდებაზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, Tether-ი ვერ შეძლებს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხის მოზიდვას, რადგან ზემოხსენებული სარეზერვო აქტივები მაღალი ლიკვიდურობით არ გამოირჩევიან, შესაბამისად, USDT დაკარგავს $1-დოლარიან ღირებულებას, რაც ბაზარზე გამოიწვევს პანიკას, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის მის ფასზე ზეწოლას, რაც, საბოლოო ჯამში, USDT-ის კოლაფსამდე მიიყვანს, როგორც ეს TerraUSD-ის შემთხვევაში მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები