მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოლეჯებს პროდუქტის გაყიდვა შეეძლებათ - კანონპროექტით სასწავლებლების შემოსავალმა შესაძლოა ₾1 მილიონს გადააჭარბოს

პროფსასწავლებლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილების მთავარი მიზანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ეკონომიკური პოტენციალის გააქტიურება და მათი ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა. კოლეჯები პროდუქციისა და მომსახურების ბაზარზე გატანას შეძლებენ. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის ავტორი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმა მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე აკეთებს დათქმას კომერციული საქმიანობის ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ დაწესებულებებს „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონით ეკონომიკური საქმიანობის უფლება აქვთ, ეს პოტენციალი პრაქტიკაში გამოუყენებელი რჩება.

კანონპროექტი მიზნად ისახავს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისობაში მოყვანას „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონთან.

კერძოდ, სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი იქნებიან, განახორციელონ: შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; სხვა საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან/და წესდებით.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებას აქვს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ეკონომიკურ მდგრადობასა და შრომის ბაზარზე:

  • დაწესებულებებს გაეზრდებათ შემოსავლები (შესაძლოა წლიურად 1 მილიონ ლარს გადააჭარბოს) , რაც შეამცირებს სახელმწიფო დაფინანსების საჭიროებას და უზრუნველყოფს დამატებით რესურსს ინსტიტუციური განვითარებისათვის.
  • პროდუქციის რეალიზაცია ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ სამეწარმეო და შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებას. ეს პოზიტიურად აისახება კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებელზე, ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და მოტივაციას.
  • მიღებული შემოსავალი გააუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ხელს შეუწყობს სტაჟირებას საზღვარგარეთ და გაამყარებს ფინანსურ მდგრადობას.

კანონპროექტის ინიციატორები ელიან, რომ ცვლილება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებები თავისუფლდებიან საკუთარი შემოსავლის არანაკლებ 10%-ის ბიუჯეტში მიმართვის ვალდებულებისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები