მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kombinizona - ფერების არქიტექტურა ტანსაცმელში - განო მელითაური ქალების ნარატივში

BM.GE
14.05.21 12:23
1329
„“კომბინიზონას" სამოსი ფერების კვლევაზეა დაყრდნობილი" - ბრენდ "კომბინიზონას" დამფუძნებელი განო მელითაური "ქალების ნარატივში"

 -ფერების მიმღებლობა საქართველოში; რა გამოიკვეთა თქვენი დაკვირვების შედეგად? 

-ბრენდი „კომბინიზონაც“ ამ კვლევის შემდეგ შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერობისკენ სწრაფვა იქამდეც მქონია. ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში დავამთავრე ინოვაციების მენეჯმენტი და მარკეტინგი; სამაგისტრო ნაშრომი შეეხებოდა ფერების მიმღებლობის კვლევას და ასევე წარმოდგენილი იყო ინოვაციური საწარმოს ბიზნესმოდელი. გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები. მთავარი ჰიპოთეზები, პრინციპში, შემდეგ ჩემივე ბრენდით გავამართლე. იმ პერიოდში, რამდენიმე წლის წინ, საქართველო ორიენტირებული იყო მუქ ტონებსა და ფერებზე. ფერები მხოლოდ დიზაინში არაა მნიშვნელოვანი. კვლევაში შევისწავლეთ დალტონიზმის სპექტრით დაავადებული ადამიანები როგორ აღიქვამენ ფერებს, რა თერაპიული დატვირთვა გააჩნია ფერს, საქართველო რომელ ფერთან ასოცირდება; გამოიკვეთა ის, რომ საზოგადოებამ 9 აპრილის მერე მასიურად ჩაიცვა მუქი ფერის სამოსი - ამას აქვს ფსიქოლოგიური კავშირი. აღსანიშნავია ერთგვარი კუთვნილებებიც და ასოცირებულობა, მაგალითად ვარდისფერისა და ცისფრის. აღსანიშნავია ისიც, თუ როგორ მოქმედებს ფერი განწყობებზე. ფერის აღქმა ინდივიდუალურია, ფერს ახასიათებს რეზისტენტულობა, აქვს სიმდგრადე, სიმკვეთრე, გამჭირვალობა, თითოეულ გრადაციას სხვადასხვა ახსნა მოჰყვება. 


-ფერების ლექსიკონზე მუშაობა რატომ გადაწყვიტეთ? 

-საქართველოში არ არსებობდა გზამკვლევი, რომელიც დაეხმარებოდა დიზაინერებს, მარკეტერებს, რომ ეს კომუნიკაციაში გამოეყენებინათ. კვლევისას, საინტერესო აღმოჩენა იყო ის, რომ ფერები სხვადასხვა სოციუმში სხვადასხვაგვარად ითარგმნება. ნაცრისფერი უფრო სევდასთან, ნეგატივთან ასოცირდება, თუმცა როცა ჩავყვევით, გავაანალიზეთ, გავშიფრეთ სიტყვის ეტიმოლოგია ნაცრისფერი თავიდან გადაითარგმნა როგორც „ნეიტრალური“, შემდეგ მივედით რომ ქართველისთვის ნაცრისფერი კომფორტულია. გადავწყვიტე ინფორმაციისთვის ფორმა მიმეცა, დავიწყე ლექსიკონზე მუშაობა. ეს დამუშავების პროცესშია, ბევრი ადამიანია ჩართული, მათ შორის, ფსიქოლოგები. 


-როგორია „კომბინიზონას“ კონცეფცია? 

-„კომბინიზონა“ არის ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის პირველი პროექტი. ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა 2017 წელს კახაბერ გაგნიძესთან ერთად დავაფუძნე. კომბინიზონა იყო პირველი ქართული ბრენდი, რომელიც სრულად ფერადი იყო. „კომბინიზონას“ მოდელები დაყრდნობილია ფერების კვლევაზე. უარი ვთვქვით ტოტალურად შავ „ლუქზე“. პირველ „შოურუმში“ გვქონდა ღია სამკერვალო. ჩვენ დავიწყეთ კამპანია „ვაფერადებთ ქალაქს“. პირველი კოლექცია 2 კვირაში გაიყიდა. „კომბინიზონას“ ფარგლებში შექმნილ სამოსს მოყვება ერთგვარი პასპორტიც, რომელიც მასზე გარკვეულ ინფორმაცის მოიცავს, აღსანიშნავია, რომ „კომბინიზონა“ არის ამიერკავკასიის ქვეყნებში ერთადერთი ბრენდი, რომელიც ადაპტურ ტანსაცმელს კერავს. მე და კახაბერ გაგნიძემ გავწერეთ 10 წლიანი სტრატეგია იმის გათვალისწინებით, რომ 6 თვეში ერთხელ ბრენდი წინ უნდა წავიდეს. ჩვენ გავიმარჯვეთ „სიცოცხლის ხის“ საგრანტო კონკურსში. ადაპტური ტანსაცმლის შემდეგ იყო საორსულე სამოსის დამატება. ფაბრიკაში უკვე 150-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. პანდემიის ფონზე ჩავუშვით დამცავი ეკიპირების ბრენდი, რათა გვეზრუნა დასაქმებულებზე. მაშინ სახლებში წავუღეთ დანადგარები. ასევე, იმ პერიოდში, დავარიგეთ ეკიპირება. ახლა უკვე მოდის კვირეულზე გავდივართ. 


-ინოვაციურ სამკერვალო ფაბრიკაში რამდენი ადამიანია დასაქმებული? 

-თავიდან არ გვქონდა ჩვენი არაფერი, საკერავი მანქანაც კი იყო მკერავის, რომელთანაც გვქონდა მოლაპარაკება. პირველივე 4 კაციან ჯგუფში გვყავდა დასაქმებული პრობაციონერი ქალბატონი. 2018 წელს ამ ბრენდის კონცეფციით მიმიწვიეს "მგლების სამიტზე" და ევროპიდან 2 საუკეთესო ინოვაციას შორის აგვარჩიეს, უბრალოდ ვერ წავედით მაშინ, ფინანსების არქონის გამო. სახელმწიფოსთან ამაზე კომუნიკაცია არ გვქონია. ასევე, მივიჩნევ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, როცა გარკვეულ სამსახურებზე უარი ვთქვი და ბრენდს მივხედე, თანაც წინა სამსახურებში იყო გარკვეული რაღაცები, რაც არ მომწონდა. რაც შეეხება ბრენდს, გაგვიკეთებია საინტერესო პროექტები, მსურს გარკვეული სოციალური საკითხები კოლექციაშიც გამოვხატო.




სტუმარი: განო მელითაური - ბრენდ "კომბინიზონას" დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები