მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომენდანტის საათის შემსუბუქებამ რესტორნის დატვირთვა 15%-მდე გაზარდა“ - ნიკა მანჯგალაძე

60a4f11c1dc97
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.21 23:00
980
ტურისტული კომპანია TravelShop-ის გენერალური მენეჯერი და რესტორან “Z 10”-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე სახელმწიფოს მიერ "კომენდანტის საათის" 23:00 საათამდე გადაწევის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესზე ამან გარკვეული გავლენა უკვე იქონია.

BM.GE-სთან საკოორდინაციო საბჭოს უახლესი გადაწყვეტილებების შეფასებისას ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ უცხოელი ვიზიტორების ნაწილში შეზღუდვების შემსუბუქება მოქმედებას დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ დაიწყებს.

„კომენდანტის საათის გადაწევამ რესტორნის შემთხვევაში მდგომარეობა უკვე შეცვალა. საღამოს საათებში მომხმარებლები მაგიდებს უკვე აქტიურად ჯავშნიან. თუ შეზღუდვების გამო, ვინც მუშაობდა 8 საათამდე ვერ მოდიოდა რესტორანში, გუშინ 8-საათიანი ჯავშნებიც გვქონდა, რამაც რესტორნის დატვირთულობა მინიმუმ 15%-ით გაზარდა.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმს, ეს ინფორმაცია ორი დღეა რაც გავრცელდა და ჩვენც გავავრცელეთ საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა ჯერჯერობით უკუკავშირს ველით. კომენდანტის საათის გაუქმების საკითხს უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნაზე ჯერ არ უმოქმედია“, - აღნიშნა ნიკა მანჯგალაძემ.

TravelShop-ის გენერალური მენეჯერი ასევე იმ მიმართულებებს ასახელებს, საიდანაც დღეს ტურისტული კომპანია სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს.

„დღეს ვმასპინძლობთ ყირგიზების მცირე ჯგუფს, რომლებსაც კომენდანტის საათის გახანგრძლივების შემდეგ დღის განრიგი და ტური რადიკალურად გამოვუცვალეთ, რადგან ბევრის მოსწრება შეუძლიათ, მაგალითისთვის, კახეთში დარჩენა არ უნდოდათ და კომენდანტის საათის გამო საერთოდ აღარ მიდიოდნენ, თუმცა ახლა ამ პირობებში კახეთის ტურიც ჩავუსვით და თავისუფლად ასწრებენ.

ძალიან ბევრი ჯავშანია პოლონეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან“, - ამბობს TravelShop-ის გენერალური მენეჯერი.

ნიკა მანჯგალაძე ზაფხულის სეზონს პოზიტიურად უყურებს და აღნიშნავს, რომ უცხოელი მოგზაურების რაოდენობის ზრდის პარალელურად, ზღვისპირეთში და ზოგადად სასტუმროებში განთავსების ღირებულებამ ზრდა დაიწყო.

„ევროპულ ბაზარზე საქართველო მწვანე ქვეყნების სიაში არ არის შეყვანილი და ამიტომ ამ მიმართულებიდან დიდ აქტივობას არ ველით, დსთ-ის ქვეყნებიდან კი ჯავშნები შემოდის. დღეს უკვე საკმაო რაოდენობის სტუმრები გვყავს.

მოლოდინები ძალიან პოზიტიურია, დატვირთვა უკვე გაიზარდა და მოთხოვნის პარალელურად გაიზარდა სასტუმროს ფასებიც, რაც სექტორის ფინანსურ მაჩვენებელზე დადებითად აისახება“, - ამბობს დარგის წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები