ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხაებით, მისი წინამორბედის დაანონსებული ინსტიტუტი, შესაძლოა, არც შეიქმნას და ინვესტიციების მოზიდვისთვის საელჩოებში უკვე დასაქმებული კადრები გადამზადდნენ.
„ეკონომიკურ ატაშეებზე ჩვენ გვაქვს აზრი, რომ გავაკეთოთ განსაზღვრული მოდიფიკაცია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ინსტიტუტი გამოვიყენოთ, თვითონ საელჩოებში ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერების სახით და რა თქმა უნდა ის სამუშაოები რაც ჩავატარეთ კანდიდატების შესარჩევად, არანაირად ფუჭად არ ჩაივლის. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს უფრო ინტეგრირებული საელჩოებთან და საელჩოებში უნდა გაძლიერდეს ეკონომიკური ნაწილი და ამისთვის გავაკეთებთ ამას. ამიტომ მას ექნება მოდიფიცირებული სახე“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
BMG - ს კითხვაზე, ეყოლება თუ არა ცალკე კომერციული ატაშეები ქვეყანას, ქობულიამ განაცხადა: “ შესაძლოა ცალკე აღარ განვიხილოთ“
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ კომერციული ატაშეების კონკურსი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 6 მარტს გამოაცხადა. აპლიკანტებისგან განაცხადების მიღება კი აპრილში დასრულდა. მთავრობას კომერციული ატაშეების დანიშვნა 6 ქვეყანაში სურდა. - ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, თუმცა, ქვეყანას, ინვესტიციების მოზიდვის მოვალეობის შემსრულებლები, არცერთ აქ ჩამოთვლილ ქვეყანაში, ამ დრომდე არ ჰყავს.