"კომერციული ატაშეების შესაბამის ლოკაციებზე განთავსება წლის ბოლომდე განხორციელდებ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ,,საქმის კურსის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, შესაბამის კადრებს ეკონომიკის სამინისტრო წლის ბოლომდე შეარჩევს, რა პერიოდიდანაც ისინი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნებში საქმიანობას შეუდგებიან.
"კადრები ჯერ შერჩეული არ არის. კადრების შერჩევას ახდენს ეკონომიკის სამინისტრო. რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროც იქნება ჩართული პროცესში, მაგრამ კომერციული ატაშეები იქნებიან ეკონომიკის სამინისტროის დაქვემდებარებაში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ როგორც შესაბამისი ქვეყნები იქნას განსაზღვრული, ასევე შესაბამისი კადრები იქნას შერჩეული და ეს იყოს მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი ექსპორტის ხელშეწყობის სამკუთხედისა, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის ინიციტივა და რომლის მიზანია ჩვენი ექსპორტის წახალისება, ხელშეწყობა, მეტი ინვესტიციის შემოდინება ქვეყანაში და მეტი ტექნოლოგიის შემოტანა ქვეყანაში. ჩვენ ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, რომ კადრების შერჩევა დასრულდება წელს და მათი განთავსება შესაბამის ლოკაციებზე შემდეგ განხორციელდება’’-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელის ინფორმაციით, კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე 6 ლოკაციაზე იქნებიან წარმოდგენილები. მათი ძირთადი ფუნქცია ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაცნობის თვალსაზისით მსხვილ შემსყიდველებთან კომუნიკაცია და საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა იქნება.
საქართველოს კომერციული ატაშეები ეყოლება თურქეთში, აშშ-ში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოში, გალფის ქვეყნებსა და ჩინეთში.

























