საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის იანვარში საქართველოს კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებების მოცულობა 170 მილიონი ლარით შემცირდა, რაც 0.6%-იან კლებას წარმოადგენს.
"2019 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 170.2 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 26.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 118.7 მლნ ლარით (1.0 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 51.5 მლნ ლარით (0.3 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით გაიზარდა ).
რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2019 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 8.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.7 პროცენტით მეტი).
2019 წლის იანვარის განმავლობაში 1.0 პროცენტით ანუ 265.8 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 13.9 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი თებერვლისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.79 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.37 პროცენტული პუნქტით)," - წერია სებ-ის ანგარიშში.

























