კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზიის ვადა 10 წლით გაუგრძელა. შესაბამისად, 17 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ. კომისიის ცნობით, მაგთი ფიქსის 100 ათასზე მეტი აბონენტი კვლავ შეძლებს უწყვეტ სატელეფონო კომუნიკაციას.
“მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და შეუზღუდავი სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით კომისიამ შპს „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობები შესთავაზა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზია სპეციალური ვალდებულებებით გაუგრძელდა. კომისიამ მაგთიკომს ორწლიანი ვადა მისცა, იმისთვის, რომ ამ პერიოდში, „მაგთი ფიქსის“ სერვისის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს”,- ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც კომპანია "მაგთიკომს" მოუწოდა, “მაგთი ფიქსის” აბონენტები არ დაეტოვებინათ მომსახურეობის გარეშე.
"აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადსხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის, მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა „მაგთიკომმა“ კომისიის მიერ შეთავაზებულ ყველა შესაძლო გამოსავალზე უარი განაცხადა",- აცხადებდა კომისია.
მოგვიანებით კომისიას თავად კომპანიამაც უპასუხა და განმარტებები გააკეთა.
"მაგთი ფიქსის ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია",- ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.

























