მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების მხარი დაუჭირა

6499b6a83521b
BM.GE
26.06.23 20:15
624
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

მათი ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კომიტეტის წევრებსა და სხდომაზე მოწვეულ სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვის შედეგად გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე, სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შედეგები გააცნო.

თამარ გაბუნიამ  განაცხადა, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო დაწესებულებაში შესვლის პარალელურად გააგზავნის შეტყობინებას სასამართლოში, რათა სასამართლომ შემოწმების მიზანშეწონილობა დაადასტუროს.

„შემოთავაზებული რედაქციით, მარეგულირებელი სწრაფი რეაგირებისთვის დაიწყებს შემოწმების პროცესს, მაგრამ ამავდროულად აგზავნის შეტყობინებას სასამართლოში იმისთვის, რომ სასამართლომ დაადასტუროს შემოწმების მიზანშეწონილობა. საფუძველი შემოწმების ინიცირებისთვის იქნება პაციენტის საჩივარი, მედიასაშუალების მიერ გავრცელებული პრობლემური შემთხვევა, ადმინისტრაციული ორგანოების მომართვა, ასევე მშობიარის, ახალშობილის გარდაცვალება, ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა. ამასთანავე, დაზუსტდა პროცედურა რეგულირების სააგენტოს მიერ ლიცენზიის შეჩერების შემთხვევაში და ასევე სასამართლოში 48 საათის პერიოდში მოსმენაზე ორივე მხარის მოწვევის შესაძლებლობა. ანუ ზეპირი მოსმენის ნაცვლად დაზუსტდა, რომ სასამართლომ ორივე მხარე უნდა მოიწვიოს ამ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე პროცესის დროს, რათა კლინიკას ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის მთავარი პრინციპი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სადავო იყო ასევე საკითხი დაუყოვნებელი აღსრულების თაობაზე, რომელიც გაიყო ორ ნაწილად: დაუყოვნებელი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, რადგან თამარ გაბუნიას თქმით, ასეთ დროს ძალიან მკაფიოა და ადვილია დარღვევის იდენტიფიცირება და სადაო ნაკლებად შეიძლება რაიმე დარჩეს. რაც შეეხება პროგრამულ ნაწილს და პროგრამების დროს თანხების არამართლზომიერი განკარგვის გამო დაწესებულ სანქციებს, ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია სადავო თანხის გაყინვის მექანიზმი და შემდეგ უკვე დავა მარეგულირებლის, ან სასამართლოს დონეზე და ასევე იმ სანქცირების გამოყენება, რაც ამ ნაწილში მთავრობის დადგენილებებით არის განსაზღვრული.

კომიტეტმა, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები