საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ დაცვის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. აღნიშნული ინიციატივები პარლამენტში ქართული ოცნების მიერ არის წარდგენილი და დღეს მათი მეორე მოსმენით განხილვა გაიმართა.
ცვლილებების თანახმად, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.
კანონპროექტებით, ორივე სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის დროს, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს.
ცვლილებების თანახმად, საკონკურსო კომისია ორივე სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატებს შეარჩევს გაზრდილი კვორუმით, კერძოდ, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, ნაცვლად დამსწრეთა ხმათა უმრავლესობისა. ასევე, ორივე სამსახურისთვის იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები 11 კვირიდან 14 კვირამდე.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებით განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური “სისხლის სამართლის კოდექსის” ცალკეული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორის მიერ არის ჩადენილი.
კომიტეტმა, ასევე მეორე მოსმენით, განიხილა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსების მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაწყებად საჭიროა, რომ პარლამენტმა თანხმობა გასცეს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით - 76 ხმით, ნაცვლად 50 ხმისა.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებები უკავშირდება ევროკომისიის მიერ გაცემული 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას.
იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნების უმრავლესობა ერთის მხრივ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე განიხილავს კანონპროექტს, ამავე პარტიის ინიციატივით იგეგმება მოქალაქეთა ახალი ბაზის შექმნა, სადაც უმრავლესობა შეიყვანს მათ, ვისაც "ძალადობასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულ პირად" ჩათვლის.
კითხვაზე, რა მიზნობრიობით გადაწყდა ბაზის შექმნა, პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი განმარტავს, რომ მიმდინარეობს ძალადობა, შანტაჟი და მუქარა საზოგადოებისთვის ცნობილ წევრებზე, მათ შორის სპორტსმენებზე, ასევე ემუქრებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც აქციაში არ მონაწილეობენ. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე." უცნობია რა მასშტაბი ექნება ამ სიას.