პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა 24 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, უარი თქვა საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც ქვეყანაში ელექტროსიგარეტებისა და არამოსაწევი თამბაქოს ნაწარმის ახლებურ რეგულირებას აწესებდა.
ჯანდაცვის კომიტეტი განცხადებაში მიუთითებს, რომ მათ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან გაიარეს, რომლებიც არ იძლევიან რეკომენდაციას შეიცვალოს ელექტროსიგარეტების რეგულირების არსებული მოდელი. ამ შეჩერების მიუხედავად, ჯანდაცვის კომიტეტი მომავალში ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.
“კომიტეტს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან, რომელთა ექსპერტები ამ ეტაპზე არ იძლევიან რეკომენდაციას ელ-სიგარეტისა და თამბაქოს ახალი პროდუქტების დამატებითი რეგულირების შემოღების თაობაზე. მათ რეკომენდაციით, საჭიროა სპეციალური კვლევის ჩატარება, რაც მოიცავს ქართული კანონმდებლობის სრულ ანალიზს და შესაბამისობას ელ-სიგარეტებისა და არამოსაწევი თამბაქოს (ახალი პროდუქტების) ეფეტიანი ზომების შეფასების მიმართულებთ,”- წერია განცხადებაში.
ბიზნესასოციაში კი ამბობენ, რომ მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა სრულად შეესაბემოდა ევროკავშირში მოქმედ დირექტივას, რომელიც თამბაქოს ნაწარმს არეგულირებს. ევროდირექტივა "ტრადიცული" სიგარეტებისგან ცალკე გამოყოფს ელექტროსიგარეტებს და მათთვის შესაბამის მოთხოვნებს აწესებს. ევროპული კანონმდებლობით განსაზღვრულია ის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები, რასაც ელექტროსიგარეტი უნდა აკმაყოფილებდეს, რათა ის ბაზარზე იყოს დასაშვები.
ქართული კანონმდებლობით, ელექტროსიგარეტი და არამოსაწევი თამბაქოს ნაწარმი რეგულირდებიან როგორც თამბაქოს პროდუქტები, ეს კი მაშინ, როდესაც ელექტროსიგარეტი თამბაქოს საერთოდ არ შეიცავს.
ბიზნესასოციაციის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ინიციატივა სწორედ ამის შეცვლას ისახავდა მიზნად. პროექტის მიხედვით, ელექტროსიგარეტები და ახალი თაობის არამოსაწევი თამბაქოს ნაწარმი სპეციალურად მათთვის შემუშავებული ნორმებით იქნებოდა რეგულირებული. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ასეთი საკანონმდებლო ცვლილება ქვეყანაში თამბაქოს მომხმარებელთა ჩვეულებრივი სიგარეტიდან შედარებით ნაკლებ საზიანო ალტერნატივებზე გადართვას შეუწყობდა ხელს.
BAG-ის ინფორმაციით, ამასთანავე, რეგულაცია შესაძლებელს გახდიდა საქართველოს ბაზარზე შემოსულიყო კონკრეტული ტიპის არამოსაწევი თამბაქოს (HNB) პროდუქტი, რომელიც დღეს ძირითადად კონტრაბანდული გზებით ხვდება.
ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი ნიკა ნანუაშვილი BM.ge-სთან ამბობს, რომ მათთვის ჯანდაცვის კომიტეტის პასუხი ბუნდოვანია. ნანუაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ცვლილება არც თამბაქოს ჩარჩო კონვენციას არ ეწინააღმდეგებოდა.
“ჩვენთვის მათი პასუხი არის შაბლონური, “ასე გვინდა და მორჩა” ეს პასუხი გაგვცა ჯანდაცვის კომიტეტმა. ევროდირექტივასთან აახლოვებდა ჩვენი ინიციატივა ქართულ კანონმდებლობას და ამასთანავე, ჩვენ მიერ შეთავაზებული ცვლილებები არ ეწინააღმდეგებოდა თამბაქოს შესახებ ჩარჩო კონვენციას, რომელიც WHO-ს მიერ არის მომზადებული. ობიექტური რეალობა არსებობს, რომ ეს პროდუქტი ვერ შემოდის ქვეყანაში, იმიტომ რომ დღეს არსებობს განსხვავებული რეგულირება. საქართველოში შემოსული პროდუქტის 99% წარმოადგენს კონტრაბანდას. ეს არის რეალობა. ეს პროდუქტი ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში იყიდება თავისუფლად, ჩვენ ქვეყანაში შემოდის კონტრაბანდულად. ვთავაზობდით მათ, რომ ზუსტად როგორც ევროკავშირშია, ისე დაგვერეგულირებინა ეს პროდუქტი,”- ამბობს ნანუაშვილი.
ბიზნესასოციაციაში ამბობენ, რომ ისინი ამ საკითხზე მთავრობასა და პარლამენტთან კონსულტაციას გააგრძელებენ. BAG-ში ამბობენ, რომ სწორი რეგულირება ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც შემოსავლის წყარო იქნება, რადგანაც არამოსაწევი თამბაქოს ნაწარმი ქვეყანაში ლეგალურად შემოსვლას შეძლებს.

























