საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, 2025 წელს ფოთის და ჭიათურას წყალმომარაგების სისტემაზე არაკეთილსინდისიერ კონტრაქტორებთან დავაში 5.4 მილიონ ლარს დახარჯავს. საუბარია ჭიათურას წყალმომარაგების ახალ $16 მილიონის ღირებულების პროექტზე, რომელსაც კომპანია Akkord-ი ახორციელებდა და ფოთის წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტზე, რომელსაც სამი კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი 55 მილიონ ლარად აშენებდა. ორივე ეს პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდებოდა.
საქართველოს მთავრობამ კომპანია Akkord-თან $16-მილიონიანი კონტრაქტი 2024 წლის 15 ივლისს გაწყვიტა. 2025 წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საარბიტრაჟო დავების წარმოებისთვის საერთაშორისო იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-ს 5.4 მილიონ ლარად დაიქირავებს.
ცნობისთვის, ქალაქ ჭიათურაში 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის საერთაშორისო ტენდერი ADB-ის დაფინანსებით 2017 წელს ჩატარდა. მასში აზერბაიჯანულმა კომპანია Akkord-მა გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2017 წლის 21 აგვისტოს გაფორმდა და მისი მიხედვით, სამუშაოები 540 დღის, ანუ 2019 წლის პირველი კვარტალისთვის უნდა დასრულებულიყო.
კონტრაქტორმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რამაც პროექტის 5-წლიანი ვადაგადაცილება გამოიწვია. სამუშაოების დაბალი პროგრესის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ 2024 წლის ივლისში მიიღო.
ეს კომპანია Akkord-თან გაფორმებული პირველი კონტრაქტი არაა, რომელიც მთავრობამ გაწყვიტა. 2021 წლის ოქტომბერში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოლითი-ჩუმათელეთის 25.6-კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის გაფორმებული $55-მილიონიანი კონტრაქტი გაწყვიტა. აღნიშნული პროექტიც ADB-ის მიერ ფინანსდებოდა. საგულისხმოა გარემოება, რომ ამ კონტრაქტის გაწყვეტის დროს, ჭიათურის წყალმომარაგების პროექტი უკვე 2-წლიანი ვადაგადაცილებით მიმდინარეობდა, თუმცა ის მხოლოდ 5-წლიანი ვადაგადაცილებით შემდეგ გაწყდა.