კომპანია „კლიმატკონტრალმა“ ბრიტანულ კომპანია Discrete Heat-თან ხელშეკრულება დადო და მისი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
Discrete Heat საოჯახო ბიზნესია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში პროდუქტს სახელად ThermaSkirt აწარმოებს. კომპანია ბაზარს გათბობის ინოვაციურ სისტემებს სთავაზობს. ThermaSkirt არ არის მხოლოდ გათბობის სისტემა. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ჰაერისა და მიწის წყაროსთან, ბიომასასთან და მზის თერმულ სისტემებთან მუშაობს.
როგორც კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ეთან ვადსვორსი BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ამბობს, ბიზნესი 15 წლის წინ მისმა მამამ დაიწყო და თავად პროდუქციაც მანდვე გამოიგონა. მისივე ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, პროდუქტი ბრიტანეთის ერთ-ერთ ცნობილ სატელევიზიო გადაცემაში Dragons’ Den-ში წარადგინეს, რათა მათი პროდუქციის შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის წარედგინათ.
„15 წლის განმავლობაში ჩვენი ბიზნესი ნელ-ნელა გაიზარდა. გვქონდა ზრდის სწრაფი, შემდეგ სტაბილური, შემდეგ კი კვლავ სწრაფი ტემპი. ახლა კი, ბრიტანეთში, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში არსებული კანონმდებლობით, რომელიც ენერგოეფექტურობას ეფუძნება, ადამიანებს უწევთ სახლების გასათბობად სამომავლოდ ეფექტური მეთოდი აირჩიონ. უეცრად აღმოჩნდება, რომ მოწყობილობები, რომლებიც ამისთვის წარსულში გამოიყენებოდა, უკვე აღარაა დაშვებული და ყველა სიახლეებისკენ იხრება. კომპანია გაერთიანებულ სამეფოში საშუალოდ 30 ადამიანს ასაქმებს. ჩვენი გაყიდვების ძირითადი არხი, გათბობისა და გაყვანილობების ინდუსტრიის წარმომადგენლებთან დისტრიბუციაა. ამასთან, პირდაპირი გაყიდვები გვაქვს სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომელთა სამიზნე მაჩვენებელი წელიწადში, 250 000 სახლის აშენებაა.
როგორც წესი, გათბობის სისტემებში რადიატორებს ან იატაკის გათბობას იყენებენ. აქ უკვე ორ პრობლემას ვაწყდებით: რადიატორების შემთხვევაში, ისინი კარგად არ გამოიყურებიან, თვალისთვის სასიამოვნო აღსაქმელი არ არის და დიდ ადგილსაც იკავებენ. ამიტომ გვინდოდა დაკავებული ადგილისა და გათბობის ეფექტიანობის მაქსიმიზაცია. ThermaSkirt გთავაზობთ ძალიან კომპაქტურ, სუფთა ალტერნატივას, რომლის დიზაინიც ეფექტურადაა შერჩეული. ვამზადებთ გრძელ პანელებს ალუმინისგან, ზედაპირის მთელი ფართობი კი სითბოს გამოყოფს. ოთახს, რომელშიც ამ წუთებში ვზივარ, ყველა კედელზე სწორედ ეს პანელები აქვს დამონტაჟებული“, - განმარტავს ვადსვორსი.
კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის ცნობით, ThermaSkirt არის ორი-ერთში პროდუქცია. მისი თქმით, გათბობის სისტემისა და პანელების ერთ პროდუქტში მოქცევით, მშენებლობის პროცესი ჩქარდება, მონტაჟის დროს გათბობისა და პანელების დაყენების პროცესი ერთიანდება და, რეალურად, ორ პროდუქტს ერთდროულად ამონტაჟებ. შესაბამისად, კომპანია მომხმარებელს უფრო ეფექტურ საშუალებას, დაბალ ფასად სთავაზობს. ხოლო, შედეგი მოკლე დროში დგება.
„მოხარულები ვართ, რომ პროდუქტს საქართველოშიც ჩამოვიტანთ. ამასთან დაკავშირებით, დიდი ხანია აქტიურად ვმუშაობთ Climate Comfort-თან ერთად. როგორც ჩანს, საქართველოში არის მზაობა უფრო ეფექტური გათბობის სისტემებისა და ენერგოეფექტური, თანამედროვე გადაწყვეტების დანერგვისთვის. სწორედ ამისთვის ვმუშაობთ Climate Comfort-თან ერთად და პროდუქტი საქართველოში წელსვე ჩაეშვება. ამ საკითხზე სამუშაოდ ჩვენს თანამშრომლებს საქართველოში მალე გამოვგზავნით, ალბათ, ჩემი ჩათვლით. რათა მარტივად შევძლოთ ThermaSkirt-ის ჩამოყალიბება და ჩვენი პროდუქტის შესაძლებლობების წარმოჩენა. ვიმუშავებთ საქართველოში კადრების გადამზადებაზეც, რათა ადგილობრივ ინჟინრებს ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ“, - აცხადებს ეთან ვადსვორსი.