მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია "ელმა" წლის ბოლომდე "გლდანი მოლში" შესვლას გეგმავს

ელმა

ქართული თავის მოვლის ბრენდი „ელმა“, რომელიც მამაკაცის კოსმეტიკური ხაზის მიმართულებით პოზიციონირდება, წლის ბოლომდე „გლდანი მოლში“ საკუთარი სტენდით შესვლას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მაკო მახარობლიძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მახარობლიძე ამბობს, სავაჭრო მოლში შესვლა კომპანიის გრძელვადიან გეგმებში იყო, თუმცა თავისუფალი ფართების არარსებობამ პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. ამ დროისთვის „ელმა“ კვლავ ადგილის გათავისუფლების მოლოდინშია, თუმცა იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე „გლდანი მოლის“ პირველ სართულზე საკუთარი სტენდით განთავსდებიან.

„ბოლო შეხვედრა გვქონდა გლდანი მოლის წარმომადგენელთან და ახლა უკუკავშირს ველოდებით. მოლები იმდენად გადატვირთულია, რომ თავისუფალი ფართების პოვნა საკმაოდ რთულია. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ პირველ სართულზე ვიყოთ წარმოდგენილები“, - ამბობს მაკო მახარობლიძე.

აღსანიშნავია, რომ „ელმას“ პროდუქციის 90% მამაკაცის თავის მოვლის ხაზს მოიცავს, თუმცა კომპანიის ხედვაშია ქალის ხაზის მეტად განვითარება და ახალი პროდუქტების დამატება. ამ ეტაპზე, პროდუქცია წარმოდგენილია თბილისში, „ფარმაგიდის“ ქსელის სამ ფილიალში, რომელთაგან ერთში სულ ახლახან - ორი თვის წინ შევიდნენ, დანარჩენ ორ აფთიაქთან კი კომპანიას ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. ბრენდის გაფართოების სურვილი იყო ბათუმის ბაზარზეც, თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, არასაკმარისი რესურსის გამო, რეგიონალური განვითარება დროებით გადაიდო.

„ელმა“ ასევე გეგმავს მონაწილეობას საახალწლოდ ქარვასლაში დაგეგმილ ყოველწლიურ გამოფენა-გაყიდვაში, რაც მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის და პროდუქციის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

რაც შეეხება ფასებს, მაკო მახარობლიძის თქმით, პროდუქციის ღირებულება მცირე მოცულობით, დაახლოებით 5%-ით გაძვირდა, თუმცა ეს არა ნედლეულის, არამედ შესაფუთი მასალების გაძვირების შედეგია.

მაკო მახარობლიძის განცხადებით, მიუხედავად ბაზრის დინამიკისა და ინფრასტრუქტურული შეზღუდვების, კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა გაზარდოს და ხარისხიანი თავის მოვლის საშუალებები კიდევ უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები