კომპანია „ჯეოკრაფტი“ იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 50 მეგავატამდე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის, 110 კვ ძაბვის ქვესადგურისა და 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას გეგმავს.
პროექტის განსახორციელებლად კომპანიამ უკვე წარადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, რომელიც მომზადებულია „გამა კონსალტინგის“ მიერ. პროექტი საჭიროებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას გარემოს დაცვის სამინისტროსგან.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია "ჯეოკრაფტი" ეკუთვნის შპს "ვოლტარეს პაუერ პროჯექტს", რომლის დირექტორი და 20%-ის მფლობელია ბიზნესმენი დავით ბარდაველიძე, ხოლო 80%-ის მფლობელი კი გერმანიაში რეგისტრირებული კომპანია "ვოლტარეს ენერჯის ბეთეილიგუნგსი".
„ჯეოკრაფტი“-ს და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ქარის სადგური მოიცავს 7 ერთეულ Envision EN-182/8.0 ტიპის ტურბინას, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 8 მეგავატია, თუმცა ქსელში მიერთებული საერთო სიმძლავრე 50 მეგავატით იქნება შეზღუდული. წლიური გამომუშავება დაახლოებით 163,5 გიგავატსაათს მიაღწევს.
ტურბინების განთავსება დაგეგმილია სოფლებთან – დიდწიფელა, გამოღმა ბოსლევი, ქველეთუბანი, მარჯვენა რკვია და ეწერი – ახლოს მდებარე ტერიტორიებზე. უახლოესი დასახლებული ზონიდან ტურბინები მინიმუმ 540 მეტრით იქნება დაცილებული.
დოკუმენტაციის მიხედვით, ქარის სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია მიერთებული იქნება ზესტაფონში არსებულ ქვესადგურთან — „ზესტაფონი 500“-თან ან 500 კვ ძაბვის ხაზთან „ქართლი 2“.
ტურბინების მოდელის მწარმოებელია ჩინური კომპანია Envision, რომლის მიერ წარმოებული კონსტრუქციის როტორის დიამეტრი 182 მეტრია, ხოლო კოშკის სიმაღლე — 120 მეტრი.
პროექტის განხორციელებისას გათვალისწინებულია 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ხაზების გაყვანა, სამშენებლო და მუდმივი გზების მოწყობა, ასევე სპეციალური ქვესადგურის აშენება.
დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია ქარის ენერგიის თვალსაზრისით მაღალეფექტურ ზონად არის შეფასებული — აქ ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 7.35 მეტრ/წამს აღწევს, რაც ხელსაყრელია ენერგიის გენერირებისთვის.




























