სამშენებლო-საინჟინრო კომპანია „ჯეტექსი“, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს, სომხეთის ბაზარზე გავიდა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რევაზ მესხმა და ორგანიზაციულმა მენეჯერმა, ირაკლი ოქიტაშვილმა ისაუბრეს.
მათი თქმით, კომპანიამ სომხეთიდან შემოთავაზება მიიღო, სადაც ექსპორტი უკვე რამდენჯერმე განახორციელა, ცოტა ხნის წინ კი უკვე წარმომადგენლობითი ფილიალიც გახსნა.
„სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთი შემოთავაზება მივიღეთ, თუმცა ერთ-ერთი კარგი შემოთავაზება იყო სომხეთიდან, სადაც სერტიფიცირებით ექსპორტი რამდენჯერმე უკვე გვქონდა. პროდუქციამ მოწონება დაიმსახურა. შედეგად, სომხეთის დედაქალაქში წარმომადგენლობით ფილიალი გავაკეთეთ, სადაც დღესდღეობით წარმოებული პროდუქცია ვენტილაციის სეგმენტში უკვე იყიდება.
გარდა ამისა, ამავე ფილიალში წარმოდგენილია სხვა სისტემები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, როგორებიცაა სატუმბი სადგურები, გენერატორები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები“, - განაცხადა ირაკლი ოქიტაშვილმა და დასძინა, რომ სომხეთში როგორც პარტნიორ, ასევე ადგილობრივ ბიზნესებს უკვე შეუძლიათ მათი პროდუქციით სარგებლობა.
ინფორმაციისთვის, "ჯეტექსი" ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მან საწყის ეტაპზე, თავი საინჟინრო-საპროექტო კუთხით დაიმკვიდრა. დღეს კი, კომპანია უკვე სამშენებლო მიმართულებითაც ვითარდება.
კომპანია მომხმარებლებს სრულ საინჟინრო-საპროექტო მომსახურებას, ამასთან სახანძრო უსაფრთხოების, ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, ელექტროობის, სუსტი დენის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემების მიწოდება-მონტაჟის სერვისს სთავაზობს.