სახანძრო უსაფრთხოებისა და ვენტილაციის სერვისის მიმწოდებელი კომპანია Jetex-ი სომხეთის ბაზარზე შედის. როგორც კომპანიის დირექტორმა რევაზ მესხმა გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, Jetex-ი სექტემბრის დასაწყისში ერევანში სამშენებლო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას, ადგილობრივ ბაზარს საკუთარ თავს გააცნობს და ოქტომბრიდან Jetex-ის შოუ-რუმიც გაიხსნება.
მისივე განმარტებით, "Jetex Armenia"-ს გახსნა გაფართოების მიზნით გადაწყვიტეს, რომელიც იქნება ცალკე კომპანია, ადგილზე იქნება დაფუძნებული და განვითარებას დამოუკიდებლად დაიწყებს.
"სომხეთში მიდის იგივე პროცესები, რაც ჩვენთან 5-6 წლის წინ დაიწყო სახანძრო სისტემებთან დაკავშირებით. სომხეთის ბაზარზე შესვლა დაიწყო ჩვენი პროდუქციის საცალო გაყიდვით. გავიცანით კარგი ხალხი, რომლებთანაც დავიწყეთ პარტნიორობა და გადავწყვიტეთ Jetex Armenia გაგვეხსნა.
უკვე რამდენიმე მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომელსაც ვამუშავებთ და სომხეთში შოუ-რუმის გახსნამდე სავარაუდოდ, გვექნება სამონტაჟო სამუშაოები დაწყებული. აქტიურად გაიყიდება ჩვენი პროდუქცია და ჩვენივე პროფილის კომპანიებს ხელს შევუწყობთ სომხეთის ბაზარზე ფეხი მოიკიდონ ჩვენი შოუ-რუმის საშუალებით. პროექტების მასშტაბების ზრდა იმდენად თვალსაჩინოა ჩვენთვის, რომ ფაქტია ბაზარი იზრდება“, - განაცხადა მან.
Jetex-ის დირექტორმა მიმდინარე წლის ექვსი თვეც შეაფასა. მისი თქმით, 2025 წელი, გასულ წელთან შედარებით, ბევრად უკეთესი იქნება. როგორც ის განმარტავს, Jetex-ის სერვისებზე მოთხოვნა ძირითადად აპრილიდან გააქტიურდა, რის ერთ-ერთ მიზეზად "ექსპო ჯორჯიაში" გამართულ გამოფენას ასახელებს.
რაც შეხება სიახლეებს, იგი ამბობს, რომ მათთვის ყველაზე საამაყო ამბავია საწარმოს გადაიარაღების პროცესი, ანუ ტექნიკური განახლების მასშტაბური ინიციატივა, რომელიც, მისი თქმით, Jetex-ს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს წარმოების მოცულობა და გაზარდოს ეფექტიანობა.
ცნობისთვის: Jetex-ი ISO სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან ბაზარს სახანძრო უსაფრთხოებისა და ვენტილაციის სრულ სერვისებს სთავაზობს. კომპანიის გუნდი, ქართველი და უცხოელი კვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული.




























