დასუფთავების ტექნიკის მწარმოებელი, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია "კერხერი" საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" გენერალური სპონსორი გახდა. გერმანულ კომპანიასა და საფეხბურთო კლუბს შორის გაფორმებული მემორანდუმი საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერასა და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს.
საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთთან" დაწყებული თანამშრომლობით, "კერხერი" ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებასა და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში. მემორანდუმის ფარგლებში კომპანია მთელი წლის განმავლობაში კლუბის სრულფასოვანი მომზადებისა და წარმატებული სეზონისთვის ყველა პირობის შექმნას უზრუნველყოფს.
"ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, მოტივაცია მივცეთ ახალ თაობას, განსაკუთრებით ქალებს და შევქმნათ ისეთი ღირსეული პირობები, რომელიც მათ წინსვლაში დაეხმარება. ასევე, შევუქმნათ ისეთი სასპონსორო პაკეტი, რომელიც ნამდვილად მისცემს მოტივაციას არა მხოლოდ ქალთა ნაკრებს "ლანჩხუთში", არამედ მთელ საქართველოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მხარდაჭერას აუცილებლად გავაგრძელებთ", - ამბობს "კერხერ საქართველოს" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ბათირაშვილი.
"ლანჩხუთი" საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ქალთა საფეხბურთო კლუბია, ქვეყნის სამგზის ჩემპიონი, თასის ორგზის მფლობელი და ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა შეძლო. როგორც მისი წარმომადგენლები განმარტავენ, საერთაშორისო კომპანიის მხარდაჭერა საფეხბურთო კლუბის მეტად სტაბილურობას უზრუნველყოფს და მათ სპორტული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
"ეს ძალიან დიდი მოტივაციაა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ზოგადად ქალთა ფეხბურთისთვის, რადგან დღეს ქალთა ფეხბურთს სჭირდება მხარდაჭერა და განვითარება. მინდა, ყველა ორგანიზაციამ მიბაძოს "კერხერს' და ქართულ სპორტს გვერდით დაუდგნენ. რაც შეგვეძლება ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და ჩვენი სპონსორი ვასახელოთ", - აღნიშნავს ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე.
ცნობისთვის: კომპანია "კერხერი" მსოფლიოს 80 ქვეყანაში 150 ფილიალით არის წარმოდგენილი, საქართველოში კი ბრენდი 2016 წლიდან ოპერირებს.