კომპანია ,,Ku biki“ წლის ბოლომდე ბაზაზრს 58 ახალ სათამაშოს მიაწვდის.
ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა დავით კაციტაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, უახლოეს თვენახევარში ბაზარზე ოთხ ახალ სათამაშოს: სამი სახეობის კონსტრუქტორს და ახალ ,,ჯენგას“ გამოუშვებენ; მომავალი თვეების განმავლობაში კი, სათამაშოების ასორტიმენტი ეტაპობრივად გაიზრდება.
„ამჟამად ვაწარმოებთ სამი სახეობის ხის სათამაშოს: ეს არის ,,ჭანჭიკელა“, რომელიც არის ხის კონსტრუქტორი, ასევე ვამზადებთ ქართულ ანბანს და სამშენებლო კუბიკებს. უახლოეს თვენახევარში ვაპირებთ სამი ახალი კონსტრუქტორისა და ,,ჯენგას“ გამოშვებას. გერმანელ მეგობრებთან ერთად შემუშავებული გვაქვს გეგმა, სადაც გაწერილია 58 ახალი სათამაშოს შექმნა, რომელიც წლის ბოლომდე უნდა მივაწოდიოთ ბაზარს. სათამაშოები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის და სხვადასხვა საფასო სეგმენტისთვის იქნება განკუთვნილი. ყველაზე მინიმალური ფასები საცალო ქსელში - 15-დან 20 ლარამდე იქნება, საშუალო საფასო სეგმენტის სათამაშოები - 50 ლარამდე ეღირება, ხოლო მაღალი საფასო სეგმენტის - 50 ლარიდან დაიწყება. მაღალ საფასო სეგმენტში იქნება დიდი ზომის კონსტრუქტორები, ხის ველოსიპედი, როემლიც უკვე შექმნილი გვაქვს და ბაზარზე ძალიან მალე გამოჩნდება“, - განაცხადა დავით კაციტაძემ.
,,Ku biki“-ის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე თითქმის ყველა მსხვილი სუპერმარკეტისა და ჰიპერმარკეტში იყიდება: „სუპერში“, „პეპელაში“, „ბიბლუსში“, „აგროჰაბში“, „ნიკორაში“, „ლიბრაში“, „დისნეიში“ და სხვა.
როგორც დავით კაციტაძე აცხადებს, ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ ,,კარფურთან“ და სავარაუდოდ, მალე მათი სათამაშოები ამ ბრენდის ქსელშიც გამოჩნდება.

























