2023 წლის ბოლომდე საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Logistics Solutions-ი ჩინეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ცანკაშვილმა განაცხადა.
„უკვე დაზუსტებულია, რომ ნოემბერ-დეკემბერში ჩინეთში, შანხაისა და პეკინში Logistics Solutions-ის ფილიალები გაიხსნება.
რატომ ჩინეთი? - იმიტომ რომ უზარმაზარი ბაზარია; მიუხედავად გარკვეული პერიპეტიების, ძალიან დიდი ტვირთი მოდის ჩინეთიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ბევრი ჩინური კომპანია მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის იმ ბაზრებზეც, სადაც ჩვენ ვართ - თუნდაც საქართველოში, ძალიან ბევრი ჩინური კომპანია საქმიანობს; ასევე, ბევრი კომპანია მუშაობს აფრიკის კონტინენტზე.
ამდენად იმისთვის, რომ ჩინურ კომპანიებთან გქონდეს მჭიდრო კონტაქტი, ელემენტარული საჭიროებაა, ამ ქვეყანაში წარმომადგენლობა გყავდეს“, - განაცხადა ირაკლი ცანკაშვილმა.
Logistics Solutions-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ფილიალის გახსნას სხვა კონტინენტზეც გეგმავენ - „აშშ-ისკენაც ვიხედებით“, - აღნიშნა მან.
საექსპედიტორო და ლოგისტიკური საერთაშორისო კომპანია Logistics Solutions-ი 2011 წელს თბილისში დაფუძნდა და ამჟამად, საქართველოს გარდა, ფილიალები აქვს უკრაინაში, აზერბაიჯანში, გერმანიაში, იტალიაში, ლატვიასა და მოზამბიკში. Logistics Solutions-ი ტრადიციული ლოგისტიკური სერვისების გარდა, სპეციალიზდება კომპლექსური ინდუსტრიული ლოგისტიკური პროექტების შესრულებასა და მართვაზე.