მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კომპანია "მაგთიკომის" მიერ "დელტაკომის" შეძენა კონკურენციისთვის ბევრ საფრთხეს შეიცავს"

57f236e2364a4
სალომე მეცხვარიშვილი
03.10.16 18:15
2494
"მაგთიკომის“ მიერ "დელტაკომის“ შეძენა კონკურენციისთვის ბევრ საფრთხეს შეიცავს,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს“ "საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომ. ოპერატორების ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა სეთურმა განუცხადა.

მისი თქმით, ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში "ინტერნეტის საბითუმო ბაზრის მონოპოლისტი“ "მაგთიკომის“ ხელში ჩავარდება. სეთურის განცხადებით, შედეგად, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო კომპანიები აღმოჩდნებიან.

"კომპანია "მაგთიკომი“ ისედაც იყო მონოპოლისტი იმ მიმართულებით, რომელიც მას უკვე ჰქონდა. ის ნაწილი, რომლის ყიდვასაც აპირებს, საუბარია მაგისტრალურ - ოპტიკურ ქსელზე, ამ ნაწილში „დელტა“ ერთ-ერთი მოწინავე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის მარეგულირებლის მხრიდან მონოპოლისტად ცნობილი არ იყო, ჩვენ ვცდილობთ ეს სტატუსი მას მიენიჭოს უკვე 5 თვეა. მარეგულირებელში განაცხადიც შევიტანეთ.

თუ "მაგთიკომი" შეიძენს "დელტაკომს", გამოდის, რომ ჩვენ მივიღებთ საკმაოდ დიდ კონსორციუმს, რომელსაც თავისი მომსახურების კალათში ექნება ყველა არსებული მომსახურება, რაც არსებობს საქართველოში ამ მიმართულებით“,- აცხადებს უჩა სეთური.

ბაზრის რა ნაწილს დაიჭერს "მაგთიკომი" "დელტას“ შეძენის შემთხვევაში უჩა სეთურს ამის თქმა უჭირს. თუმცა, მისი განცხადებით, საცალო ბაზარზე მისი წილი არსებითად ვერ შეიცვლება, რადგან "დელტაკომი“ საბითუმო ბაზარზე ოპერირებს.

"იმის წინაპირობები, რომ "მაგთიკომს“ არ მისცენ შესყიდვის უფლება, არ არსებობს. საჭიროა, ძალიან დეტალური რეგულაცია საბითუმო ბაზარზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს "მაგთიკომი“ კონკურენტების მიმართ, რადგანაც ეს დიდი საფრთხისშემცველია ყველა ოპერატორისთვის, განსაკუთრებით მცირეებისთვის“,- აცხადებს უჩა სეთური.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ "კავკასუს ონლაინის" შემდეგ კომპანია "მაგთიკომს“ "დელტაკომის" შესყიდვაც სურს. "დელტაკომის" შესყიდვის თაობაზე მხარეებმა ერთობლივი განცხადებით კომუნიკაციების კომისიას უკვე მიმართეს.

კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში "ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადეს, რომ კომისია იმსეჯელებს, სჭირდება თუ არა ტრანზაქციას კვლევა-ანალიზი, თუ კვლევის გარეშე შეიძლება გაიცეს უფლება შესყიდვასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები