კომპანია Mercedes-Benz -მა დეტროიტის ავტოშოუზე, რომელიც დღეს გაიხსნა, ახალი E-Class წარმოადგინა.
ავტომობილს, რომელსაც კომპანიის სამოდელო გამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია, როგორც გაყიდვების, ასევე შემოსავლების კუთხით, მნიშვნელოვანი როლი აკისრია - ღირსეული კონკურენცია გაუწიოს უშუალო მეტოქეებს - Audi A6-ს და BMW 5 Series-ს, რომლებთანაც გაყიდვების კუთხით ბოლო რამდენიმე წელია პოზიციებს თმობს.
ამისთვის სამქიმიანებმა ახალი "ე კლასი“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვეს. ავტომობილი გამოირჩევა ისეთი ფუნქციებით, რომლებიც საფლაგმანო S-class-საც კი არ გააჩნია.
დასავლური მედიის ცნობით, ახალი თაობის E-Class პრაქტიკულად ნახევრად ავტონომიურია და ამ მხრივ "შტუტგარტელებმა“ დიდი ნაბიჯი გადაგეს წინ. გარდა ამისა, გამორჩეულია მისი აეროდინამიკურობის კოეფიციენტიც ამ კლასში, რომელიც 0,23-ს უდრის.
რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, სიახლე წინა მოდელთან შედარებით, გაბარიტებში ოდნავ გაზრდილია, ხოლო გარეგნულად უფრო S class-ს ჰგავს, ვიდრე C class-ს.
ავტომობილის გაყიდვები ევროპაში გაზაფხულზე დაიწყება, რის შემდეგაც, მისი სხვადასხვა ვერსიები გამოვა. მათ შორის უნივერსალი, კუპე და კაბრიოლეტი. ავტომობილის სასტარტო ღირებულება 40 ათასი ევროდან დაიწყება.