„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. CMC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თემურ ხონელია აცხადებს, რომ კომპანია კრიზისის მოლაპარაკებების გზით გადაჭრისთვის შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არის.
„სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაღაროების დაკეტვასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების საფუძვლები და მიზეზები, ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი კომპანია. ჩვენ მოვისმინეთ სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა ხედვები, შეთავაზებები შექმნილ მდგომარეობაზე, ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც კრიზისის მოლაპარაკების გზით გადაჭრას გულისხმობს.
კომპანია მზადყოფნას აცხადებს გადადგას შემხვედრი ნაბიჯები და პირველ რიგში მიიღოს პროფკავშირების შეთავაზება ხელფასების დარიგებასთან დაკავშირებით. აგრეთვე სრული კარტბლანში მისცეს ადგილობრივ და მოწვეულ სპეციალისტებს შეიმუშაონ ოპტიმალური ვერსია მაღაროების ამუშავებაზე და სპეციალისტების ჯგუფის დასაბუთებული დასკვნიდან გამომდინარე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მაღაროების ფუნქციონირებაზე“, - განაცხადა თემურ ხონელიამ.
ცნობისთვის, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უწყებაში ჭიათურის საკითხთან დაკავშირებით სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მას შრომის ინსპექციის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამავე დროს შეხვედრაზე მიიწვიეს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები, რათა შექმნილი ვითარება შეესწავლათ და აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტაციები მოესმინათ. მხარეებმა ისაუბრეს მაღაროების დახურვის გადაწყვეტილების გადახედვაზე, იანვრის ხელფასების 60% გაცემაზე, დარგის მოწვეული და ადგილობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის შექმნაზე, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შეფასებაზე.