მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "ნუგბარმა" კონცენტრირებული ყურძნის წვენის წარმოება დაიწყო

5bf56f31c8c44
მაია ბიწაძე
21.11.18 18:37
2798
"ნუგბარმა" კონცენტრირებული ყურძნის წვენის წარმოება დაიწყო, ამისთვის კომპანიამ სიღნაღში, სოფელ საქობოში ახალი საწარმო გააკეთა, რაშიც 500 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ბიძინა ფხოველიშვილმა განუცხადა. წელს 350 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენი ჩაიბარეს და გადაამუშავეს, საიდანაც 65 ტონა კონცენტრირებული წვენი დაამზადეს. საწარმო სამთავრობო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა.

"ყურძნის კონცენტრირებულ წვენს ჩვენც ვიყენებთ ჩურჩხელების წარმოებაში და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვაც დავიწყეთ. ამ პროდუქტისგან ძალიან ბევრი რამ მზადდება - ჩურჩხელა, ფელამუში და სხვა ტკბილეული. ასევე იყიდება როგორც წვენი საცალო მიმართულებით და როგორც ნედლეული ბითუმად, გამოიყენება ჩაის დასატკბობად შაქრის მაგივრად.

საწარმოს მოცულობა გაცილებით მეტია და მას ეტაპობრივად ავითვისებთ. წელს პირველი წელი იყო და ვალდებულება გვქონდა 30 ტონა პროდუქცია გვეწარმოებინა, მაგრამ ჩვენ ორჯერ მეტი დავამზადეთ. მომავალ წელს 120 ტონა კონცენტრირებულ წვენს გავაკეთებთ და უკვე ექსპორტზეც გავიტანთ. ექსპორტს უკრაინისა და რუსეთის ბაზარზე განვიხილავთ“ - განაცხადა ბიძინა ფხოველიშვილმა.

სამომავლოდ კომპანია კიდევ ერთი ახალი მიმართულების ათვისებას, კერძოდ ჩირისა და ტყლაპის წარმოებას გეგმავს, რომლებსაც იმ საექსპორტო ბაზრებზე გაყიდის, სადაც ამჟამად "ნუგბარის" ბრენდით ჩურჩხელა გააქვს. ექსპორტი შვიდ ქვეყანაში ხორციელდება. ახალი წლიდან ჩურჩხელის წარმოებას სამჯერ გაზრდიან და დღეში 10 ათას ცალს დაამზადებენ.

"გვინდა ჩვენი მიერ წარმოებული კონცენტრირებული წვენის გამოყენებით ისეთი პროდუქტები შევქმნათ, რომელიც ექსპორტის ზრდის საშუალებას მოგვცემს. ეს არის თათარის ჩირი, ასევე სხვადასხვა ხილის ჩირი და ტყლაპი, რომლებსაც იმ ბაზრებზე გავიტანთ, სადაც ამჟამად ჩვენი ჩურჩხელა იყიდება, ესაა: გერმანია, ლიტვა, ჩეხეთი, ამერიკა, რუსეთი, უნგრეთი და პოლონეთი. გეგმის თანახმად, დღეში 10 ათას ცალ ჩურჩხელას დავამზადებთ და 5 ტონა ხილს გადავამუშავებთ, რითაც ჩირები და ტყლაპი დამზადდება" - განუცხადა Bm.ge-ს ბიძინა ფხოველიშვილმა.

ახალი მიმართულების ათვისებაში "ნუგბარი" კიდევ 500 ათასი ლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. კომპანია ამჟამად ათამდე სახეობის ჩურჩხელას აწარმოებს, რომელიც თხილისა და ნიგვზისგან, მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძნის წვენზეა დამზადებული. ჩურჩხელის ფასი შეფუთვისა და თხილეულის მიხედვით 2,70 ლარიდან 3,20 ლარამდეა.
კომპანია პროდუქციას საქარველოს მასშტაბით საკუთარ საფირმო მაღაზიებში და ქსელურ მარკეტებში, ასევე დუტიფრიში ყიდის. ამჟამად ,,ნუგბარს“ სამი საფირმო მაღაზია აქვს, ახალ წლამდე კი კიდევ ორის გახსნას გეგმავს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები