მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია "პრემიუმ რეზიდენსი" განცხადებას ავრცელებს

5b62f0ffa39cf
BM.GE
02.08.18 15:53
2041
კომპანია „პრემიუმ რეზიდენსი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„კომპანია „პრემიუმ რეზიდენსი“ ეხმაურება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მოწვევაში გამარჯვებასთან დაკავშირებით, გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, რაც საქმიანი რეპუტაციის შემლახველია და სიმართლეს სრულებით არ შეესაბამება. მიგვაჩნია, რომ 2018 წლის 5 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს მიერ გამოცხადებულ მოწვევაში შპს „პრემიუმ რეზიდენსის“ მონაწილეობისა და გამარჯვების თაობაზე საზოგადოება უტყუარ ინფორმაციას უნდა ფლობდეს.

მოგახსენებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ აიღო ტექდათვალიერების სისტემის გამართვის ვალდებულება. რეფორმის დასაწყისში, არსებული 26 ინსპექტირების ცენტრის (ჯამში 35 ტესტირების ხაზი ) ნაცვლად, დღეს ფუნქციონირებს 40 ინსპექტირების ცენტრი 89 ტესტირების ხაზით. აღნიშნულმა პირებმა, ტექნიკური დათვალიერების სფეროში ოპერირების უფლება კანონით დადგენილი წესით, აკრედიტაციის გავლის საფუძველზე მიიღეს. ისინი ბიზნესის წარმოების გეოგრაფიულ არეალში შეზღუდულები არ ყოფილან. შესაბამისად, ოპერირების ადგილები შეარჩიეს საკუთარი სურვილის მიხედვით. თავადვე განსაზღვრეს ტესტირების ხაზების სასურველი რაოდენობა და სახეობა. აღსანიშნავია, რომ აკრედიტაციისათვის აუცილებელი, კანონით დადგენილი, საფასურის გარდა, მათ ოპერირების უფლების მოსაპოვებლად, დამატებითი ფულადი სახსრები არ გაუღიათ. აქედან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ პირებს შეეზღუდათ შესაძლებლობა დაეწყოთ ან გაეფართოებინათ არსებული ბიზნესი სიმართლეს სრულებით არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის აპრილში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ვებ გვერდზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების თაობაზე მოწვევა საჯაროდ გამოცხადდა. წინადადებების წარდგენის ვადა 2018 წლის მაისში ამოიწურა. შესაბამისად, ყველა ის პირი, ვინც დღეს აღნიშნული შერჩევის პროცესის დარღვევით ჩატარებაზე საუბრობს, დაახლოებით ორი თვის მანძილზე, მოწვევის პირობების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობდა. უფრო მეტიც, აღნიშნული მოწვევის გამოცხადებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს მიერ ჩატარებულ იქნა არაერთი პრეზენტაცია, რომლებსაც, ჩვენ კომპანიასთან ერთად, ტექნიკური ინსპექტირების ინდუსტრიის წარმომდგენლები რეგულარულად ესწრებოდნენ.

ასევე, მოგახსენებთ, რომ მოწვევის პირობებით, 51 ხაზზე ოპერირების უფლება სამ ლოტად გახლდათ დაყოფილი. აღნიშნული ლოტები მოიცავს როგორც თბილისს, ასევე, რეგიონებს. თითოეული ლოტი თბილისში ათ და რეგიონში შვიდ ხაზს მოიცავდა. შესაბამისად, ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისგან განსხავებით, შპს „პრემიუმ რეზიდენსი“ მოწვევისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, შეზღუდული გახლავთ, როგორც ოპერირების გეოგრაფიული არეალის, ასევე ხაზების რაოდენობისა და სახეობის მიმართულებით.

ჩვენმა კომპანიამ, რომელიც ტექნიკური ინსპექტირების სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს, დიდი ძალისხმევით შეძლო ის, რომ საქართველოს ბაზარზე ევროპული სტანდარტებს ამ სფეროს ისეთ ლიდერ კომპანიასთან ერთად ნერგავს, როგორიც Applus-ია. გარდა საერთაშორისო პარტნიორის არსებობისა, რაც არსებული ინსპექტირების ცენტრებისათვის აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულო პირობას არ წარმოადგენდა, მოწვევაში პრემიუმ რეზიდენსის გამარჯვების საფუძველი, თითოეულ ლოტზე, სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალური ზღვარზე, რამდენჯერმე მეტი საფასურის გადახდის შეთავაზება გახდა. თანხა ხელშეკრულებით დადგენილი წესით, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა.

შპს პრემიუმ რეზიდენსმა პასუხი გასცა ყველა იმ კითხვას, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას გასჩენოდა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენი კომპანია კანონით დადგენილი წესით, აკრედიტაციის მიღებისა და ოპერირების დაწყების პარალელურად, ტექნიკური ინსპექტირების ბაზარზე მოქმედ ყველა სუბიექტთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, თავი შეიკავონ მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან, რაც საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები