მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „ქალაქური“ ახალი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს - ინვესტიცია 2 მილიონამდეა

5f182b830825f
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.20 09:00
1754
თხილეულის და "სნექების" მწარმოებელი კომპანია „ქალაქური“, რომელიც მისი დამფუძნებლის თქმით, ამჟამად რთულ მდგომარეობაშია, წლის ბოლოსთვის ახალი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს. მურად ღოღაძე ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე გაყიდვები 40%-50%-ით შეუმცირდა, ხოლო ექსპორტი გაუნულდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, BM.GE-ისთან საუბრისას ამბობს, რომ საწარმოს გაფართოება დიდი ხანია გეგმაში აქვთ და თვლის, რომ ახალი პროდუქტის წარმოება კომპანიასაც და  ადგილობრივ ბაზარსაც გამოაცოცხლებს.

„საწარმოს გაფართოებას და ახალი საწარმოო ხაზების დამატებას დიდი ხანია ვფიქრობდით. პანდემიასთან დაკავშირებით ბიზნესს რთული პერიოდი დაუდგა და ვფიქრობ,  ბაზარს და შესაბამისად, საწარმოს სიახლეები სჭირდება“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, ინვესტიციის დაახლოებითი მოცულობა 1.5 – 2 მლნ ლარი იქნება და კომპანია პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლებს.

„საწარმოს გახსნას ვაპირებთ 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში. მოლაპარაკებები პროცესში ვართ სახელმწიფოსთან, რადგან გვინდა, პროგრამის - „აწარმოე საქარველოში“ თანადაფინანსების კომპონენტით ვისარგებლოთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შედგენა და ვფიქრობთ, ახალი საწარმოო ხაზების დამატებით 20-30 სამუშაო ადგილის შექმნას შევძლებთ. საწარმოს განთავსებისთვის 3 ლოკაციას განვიხილავთ. ეს არის ნატახტრის, მცხეთის ან ლილოს მიმდებარე ტერიტორიები. მიწები შერჩეული გვაქვს, უბრალოდ, დასტურს ველოდებით“, - განმარტავს „ქალაქურის“ დამფუძნებელი.

მურად ღოღაძე ამბობს, რომ ახალი საწარმო ახალი პროდუქტის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. „ახალი საწარმოო ხაზები დაემატება ჩვენს ძველ წარმოებას და ერთ ჰოლდინგში გაერთიანდება. ცალკე იქნება ყურძნის წვენის, ჩურჩხელის, მურაბების წარმოება, ჩირების გადამუშავება და წარმოება და მომდევნო ეტაპზე დავამუშავებთ როგორც ადგილობრივ ბაზარზე შესვლის, ასევე, ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების გეგმებს. წინაწარ ზუსტად ვერ ვიტყვით, რა წარმადობა ექნება საწარმოს, თუმცა თითოეული პროდუქტის ნედლეული თვეში, დაახლოებით, 5 ტონამდე უნდა იყოს" - უთხრა BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა.

„ქალაქურის“ მოქმედი საწარმო, რომელიც თემქაზე 2008 წლიდან მოქმედებს წლის განმავლობაში სხვადასხვა სახეობის "სნექებს" აწარმოებს, რისთვისაც ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. საწარმოში დღეისთვის 40 ადამიანია დასაქმებული.

„500 დოლარით დავიწყეთ ეს ბიზნესი, თავდაპირველად სამი დასახელების პროდუქციას ვაწარმოებდით, დროთა განმავლობაში მოხდა ასორტიმენტის გაფართოება და ამჟამად 50-60 დასახელების პროდუქციას ვთავაზობთ მომხმარებლებს“,  - ამბობს BMG-ისთან საუბარში „ქალაქური“-ის დამფუძნებელი მურად ღოღაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები