მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "რაჭული ლორი" ფართოვდება

5bd3259eeeaae
მაია ბიწაძე
26.10.18 18:31
5828
კომპანიამ "რაჭული ლორი" ნედლი ხორცისა, კალბასებისა და კუპატის წარმოება დაიწყო, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, როსტომ კობახიძემ განუცხადა. საწარმო, რომელიც ამბროლაურში მდებარეობს, რამდენიმე თვის წინ ამუშავდა და თავდაპირველად მხოლოდ რაჭულ ლორს ამზადებდა.

"დავამატეთ ახალი პროდუქტები, დავიწყეთ საქონლისა და ღორის ხორცის წარმოება, ასევე კალბასების, კუპატის, სამომავლოდ ასორტიმენტს კიდევ გავაფართოვებთ, ვგეგმავთ სხვა ნახევარფაბრიკატებისა და სოსისების წარმოებასაც. პროდუქცია უკვე შევიდა თბილისის სავაჭრო ქსელში, კერძოდ ,,გუდვილში“, ,,აგროჰაბში“, "ფრესკოში“ და თბილისის რამდენიმე რესტორანში. ასევე, რაჭაში ადგილობრივ მაღაზიებშიც იყიდება. კილოგრამი ნედლი ხორცის ფასი 9-დან 10 ლარამდეა, ლორის - 30-35 ლარია, კუპატი კი - 13-15 ლარი ღირს. რაც შეეხება ნედლეულს, ხორცს ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობიდან ვყიდულობთ, რაჭაში, ლეჩხუმში და ზემო იმერეთში", - განაცხადა როსტომ კობახიძემ.

კომპანია მიმდინარე წელს, ჯამში, 10 ტონა რაჭულ ლორს დაამზადებს, მომავალი წლიდან კი წარმადობის ეტაპობრივი ზრდა იგეგმება და 2020 წელს მინიმუმ 20 ტონა ლორს დაამზადებენ.

შპს "რაჭული ლორის" საწარმოში 350 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც 40% სოფლის მეურნეობის სააგენტოს გრანტია, 10% - დამფუძნებლების შენატანი, ხოლო 50% - "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში მიღებული დაფინანსება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები