მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია, რომელმაც გლდანში სკვერი დათქმულ ვადებში ვერ მოაწყო, კალაძემ "გააძევა"

5c5ac8f31cafc
ლევან თაღიაშვილი
06.02.19 15:35
1310

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია, რომელიც გლდანის მე-6 მიკრო-რაიონში სკვერს აკეთებდა, უხარისხოდ ასრულებდა საკუთარ მოვალეობას, რის გამოც მან თავის მოადგილეს, კომპანიის გაძევება დაავალა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია სკვერების და პარკების მოწესრიგება. გამგეობები აქტიურად მუშაობენ სკვერების მოწესრიგებაზე. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო გლდანის მე-6 მიკრო-რაიონში პარკის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. ბევრი კომპანია არის პასუხისმგებლიანი, თუმცა არიან კომპანიებიც, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ ქალაქისთვის და მისი განვითარებისთვის. კომპანიას ნოემბრისთვის უნდა დაესრულებინა სამუშაოები, რომელიც არ დაასრულეს. გარდა ამისა, რიგი სამუშაოები შეაჩერეს. უბრალოდ, გული დაგეწვებათ, როგორ უპასუხისმგებლოდ მოიქცა ეს კომპანია და როგორ აქვს სამუშაოები ჩატარებული", - განაცხადა მან.

მერის განმარტებით, მსგავსი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ.

"საზოგადოებასაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორი მიდგომა აქვთ მათ. ქალაქი არ უნდა გიყვარდეს, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულება გქონდეს. ეს მარტო გლდანისთვის არ კეთდება, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების შექმნა, ხარისხიანად ამ ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ დღეს გაკეთებულის ხვალ თავიდან გაკეთება არ მოგვიწიოს. მინიმუმ რამდენიმე ათეული წელი უნდა გაუძლოს ამ ყველაფერმა, რაშიც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მიღებული შემოსავალია დახარჯული", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის მე-6 მიკრორაიონში, მეშვიდე და მეოცე კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს "ტაო" ახორციელებდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები