მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია, რომელმაც წერეთლის რეაბილიტაციაზე იმუშავა, ახლა ჟინვალი-ფასანაურის გზაზე მუშაობს - მინისტრმა მას ტემპის გაზრდისკენ მოუწოდა

რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტრო

დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ჟინვალი-ფასანაურის გზის რეაბილიტაციის პროექტი ადგილზე მოინახულა და მის კონტრაქტორს კომპანია "ერ ტე დეს" სამუშაოების ტემპის დაუყოვნებლივ გაზრდისკენ მოუწოდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ჟინვალი-ფასანაურის გზა საქართველოს ძირითადი ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალის ნაწილია და მას საერთაშორისო გზის სტატუსი აქვს მინიჭებული. ჟინვალი-ფასანაურის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2026 წლის იანვარში გამოაცხადა და მასში გამარჯვებულ კომპანია "ერ ტე დეს" 29.4 მილიონი ლარის ხელშეკრულება მაისში გაუფორმდა.

კომპანია წარსულში თბილისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, მრავალჯერადი ვადაგადაცილების გამო თბილისის მერიამ მასთან კონტრაქტი 2024 წლის დასაწყისში შეწყვიტა. თუმცა, აღნიშნულის შემდეგ კომპანიამ მსხვილ შესყიდვებში მონაწილეობა განაგრძო.

"პროექტი ორ მონაკვეთად ხორციელდება და ითვალისწინებს გზის საფარის სრულ განახლებას, 10 ხიდის რეაბილიტაციას, წყალგამტარი მილების, საყრდენი და ნაპირდამცავი კედლების, ავტობუსის გაჩერებების, საგზაო ნიშნების, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობასა და გზის მონიშვნას.

მინისტრმა სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი. კონტრაქტორ კომპანიას კიდევ ერთხელ მიეცა მკაფიო მითითება, დააჩქაროს სამუშაოები და უზრუნველყოს პროექტის ხარისხიანად და დადგენილ ვადებში შესრულება,"- აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები