კომპანია "ზიმო", რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეები გადატანის სამუშაოებს ასრულებდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ისევ უჩივის. ამჯერად, სადაო გახდა წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 16 მილიონიანი ტენდერის პირობები. სამინისტროს ამჯერადაც ითხოვს, რომ პრეტენდენტს სარეგისტრაციო დოკუმენტებში არ უფიქსირდებოდეს ყადაღა, არ იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და არ გააჩნდეს საბიუჯეტო დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დისკვალიფიკაცია მოხდება.
"ზიმოში" მიაჩნიათ, რომ ეს მოთხოვნები უსამართლოა, რადგან მოვალეთა რეესტრში კომპანია, იმ შემთხვევაშიც კი შეიძლება მოხვდეს, თუ პატრულის, ან პარკირების ჯარიმის გადახდა დაავიწყდება.
"როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ პროპორციულობის პრინციპზე, როდესაც თუნდაც 10 ლარიანი საჯარიმო ქვითრის გამო ხდება კომპანიის დისკვალიფიკაცია ელექტრნული ტენდერიდან? ამასთანავე ყადაღა/აკრძალვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, რომლის გაუქმებაც ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე", - აცხადებენ კომპანიაში.
"ზიმოში" მიაჩნიათ, რომ სამინისტროს ეს მოთხოვნა, შესყიდვების კანონს ეწინააღმდეგება და სხვა უწყებებს მსგავსი მოთხოვნები ტენდერებში არ აქვთ.
"ამის გამო არაერთი წარმატებული კომპანია შეიძლება დადგეს დისკვალიფიკაციის წინაშე", - აღნიშნულია სარჩელში.
შეგახსენებთ, რომ "ზომომ" გასულ თვეს, სამინისტროს მიერ გამოცხადებული, 23 მილიონი ლარის ღირებულების კიდევ 5 ტენდერი გააპროტესტა ანალოგიური მოთხოვნის გამო. წინა სარჩელებში "ზიმო" ადასტურებდა, რომ კომპანიის ქონებაზე (ავტოსადგომებზე) სასამართლოს განჩინებით, მართლაც იყო ყადაღა დადებული, თუმცა იმასაც ამტკიცებდა, რომ სადაო ქონება სულ რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების იყო და სამუშაოების შესრულებაზე გავლენას ვერ იქონიებდა. ამასთან, კომპანია სასამართლოების გადატვირთულობაზეც აპელირებდა და აცხადებდა, რომ სადაო საკითხების დროულად გადაწყვეტა ვერ ხერხდება, რის გამოც კომპანია, მცირე დავის არსებობის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა ხანგრძლივი ვადით გამოეთიშოს სატენდერო პროცესებს. დავების საბჭომ, მაშინ "ზიმოს" არგუმენტები არ გაიზიარა და 5-ვე ტენდერიდან მისი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ,, ის გარემოება, რომ მომჩივანი ორგანიზაცია ვერ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის ზემოხსენებული პუნქტით დაწესებულ მოთხოვნას, ცალსახად არ ადასტურებს აღნიშნული მოთხოვნის დისკრიმინაციულ და კონკურენციის შემზღუდველ ხასიათს", - განაცხადეს თავის დროზე დავების საბჭოში.
კომპანია "ზიმო", ის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიად ითვლება და ჯამში სხვადასხვა დროს 100 მილიონამდე ლარის ღირებულების სახელმწიფო დაკვეთა აქვს შესრულებული, ძირითადად აჭარის ტერიტორიაზე. მისი მსხვილი დამკვეთი იყო ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტიც და ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომლის კუთვნილი გიგანტური ხეების გადატანის სამუშაოებს ასრულებდა. კომპანია 2010 წელსაა დაფუძნებული.