საქართველოში ზეთისხილის რთველი დაიწყო, კომპანიამ ,,ქართული ზეთისხილი“ მოსავლის აღება კახეთის რეგიონიდან დაიწყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ Bm.ge-ს განუცხადა, ჯამში 100 ტონა მოსავალს ელიან, რაც გასული წლის მაჩვენებელს (40 ტონა) 150%-ით აღემატება. შესაბამისად გაიზრდება კომპანიის მიერ წარმოებული ზეითუნის ზეთის მოცულობაც, რაც სავარაუდოდ 80 ტონას შეადგენს. როგორც სვანიძე განმარტავს, რთველი ორ თვეს გასტანს, თავდაპირველად მწვანე, შემდეგ ბადრიჯნისფერი, ბოლოს კი შავი ზეთისხილი დაიკრიფება.
"ქართული ზეთისხილი" წელს ახალი პროდუქტების გამოშვებასაც გეგმავს, კერძოდ კომპანია მწვნე და შავი ზეთისხილის წარმოებას იწყებს.
"ქართული ზეთისხილი" პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. კომპანია ამჟამად 400 ჰექტარ ზეთისხილის პლანტაციას ფლობს, რომელიც 2009 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად გაშენდა, კერძოდ: სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ტარიბანაში, ბაღდათში და მარნეულში. მოგვიანებით კი ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქარხანაც აშენდა, რომელიც პროდუქციას 2017 წლიდან უშვებს.
საწარმო ორი სახეობის ზეთს აწარმოებს - პრემიუმკლასს და გოლდენს. კომპანიამ ქართული ზეითუნის ზეთის წარმოებაში 7 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო.