მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიამ "შატრო ველი" წელს პირველი მოსავალი გადაამუშავა

5bd32529e00d7
მაია ბიწაძე
26.10.18 18:30
1303
კომპანიამ "შატრო ველი" წელს პირველი მოსავალი გადაამუშავა, საწარმოში 36 ტონა ალექსანდროული, მუჯურეთული და ოჯალეშის ჯიშის ყურძენი დაიწურა, საიდანაც 36 ათასი ბოთლი ღვინის წარმოებას გეგმავენ - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის ერთერთმა დამფუძნებელმა, როსტომ კობახიძემ განუცხადა.


საწარმო ამბროლაურში, სოფელ სადმელში, ხვანჭკარის მიკროზონაში მიმდინარე წელს გაიხსნა. ყურძენი ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩაიბარეს. კომპანია სამი დასახელების ღვინოს დაამზადებს: ალექსანდროულს, ხვანჭკარას და ოჯალეშს, რომლის 80% -იც - საექსპორტო, 20% კი ადგილობრივ ბაზარზე აქვთ გათვლილი. ღვინო ,,კანკატელას“ სახელწოდებით გაიყიდება.

კომპანია წლევანდელ რთველზე 50 ტონა ყურძენის გადამუშავებას გეგმავდა, თუმცა ეს მოცულობა 36 ტონამდე შეამცირეს, რადგან წელს ამ რეგიონში ყურძნის მაღალი ფასი დაფიქსირდა.

,, კილოგრამი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ფასი 7 ლარი იყო, ოჯალეშის კი 3,50 ლარი, გარდა ამისა, წელს აღარ მოხდა ყურძნის სუბსიდირება. ჩვენ ვვარაუდობით, რომ ყურძენს 5 ლარად შევიძენდით, რადგან ასეთი მაღალი ფასის გადახდა მოგვიწია, წარმოების მოცულობა შევამცირეთ“ - განაცხადა როსტომ კობახიძემ.


შეგახსენებთ, რომ ,,შატრო ველის“ საწარმოს მშენებლობაში 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნული თანხის 60% კომპანიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ, "გადამამუშავებელი საწარმოთა თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში გამოუყო, 10% დამფუძნებლების ინვესტიციაა, 30% კი "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში მიღებული დაფინანსებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები