მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიას დათმობაზე წამოსვლა მოუწევს" - "ევოლუშენის" თანამშრომლების გაფიცვა 124 დღეა გრძელდება

ევო

12 ივლისს დაწყებული "ევოლუშენ ჯორჯიას" 4 000-ზე მეტი თანამშრომლის გაფიცვა ამ დრომდე გრძელდება. პროფკავშირ "ლაბორის" ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე BM.GE-სთან ადასტურებს, რომ გაფიცულ დასაქმებულთა მოთხოვნები კვლავ იგივე რჩება.

"მოთხოვნები იგივე რჩება. ამ დროის განმავლობაში "ევოლუშენმა" ძალიან დიდი ფინანსური დანაკარგი მიიღო. საერთაშორისო მხარდაჭერა ამ პროცესს ძალიან დიდი აქვს, ამიტომ გრძელდება და გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე", - აცხადებს გიორგი დიასამიძე.

ამ დრომდე, გაფიცულ თანამშრომელთა მოთხოვნები 45 საკითხს, მათ შორის, ხელფასების ზრდასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოიცავს.

გიორგი დიასამიძე აღნიშნავს, რომ დღესდღეობით გაფიცულ თანამშრომელთა აღრიცხვა ვერ ხერხდება, რადგან ბევრი ადამიანი, ვინც ივლისში პროტესტს შეუერთდა, ახალ სამსახურში გადავიდა

"ძალიან ბევრი ადამიანი სხვაგან წავიდა სამუშაოდ და ვერ ვატარებთ აღრიცხვას. 4 თვეა ხელფასი არ აუღიათ დასაქმებულებს. ამიტომ, დავაწესეთ მორიგეობა და აქ ვართ ყოველდღიურ რეჟიმში".

აგვისტოში, გაფიცვის 33-ე დღეს "ევოლუშენში" დასაქმებულებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობასაც მიმართეს. ხშირი იყო დაპირისპირება გაფიცულებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის. როგორც გიორგი დიასამიძე აღნიშნავს, დასაქმებულებს შიმშილობის დასრულება მოუწიათ, პროტესტი კი გრძელდება.

"სამწუხაროდ, დასაქმებულებს შიმშილობის დასრულება მოუწიათ. ამ დროისთვის დამსაქმებელი პრობლემის არა თუ მოგვარებას ცდილობს, არამედ - მის გაქრობას, გაფიცულების მარგინალიზებითა და დისკრედიტაციით.

თუმცა ვფიქრობთ, რომ, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ, მოვახერხეთ და საზოგადოებას მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია, რა სახის აქტივობებს ახორციელებს კომპანია გაფიცულების წინააღმდეგ, თავისი ზონდერ-ჯგუფებით. ხვალ-ზეგ კომპანიას დათმობაზე წამოსვლა მოუწევს", - აღნიშნავს "ლაბორის" ხელმძღვანელი.

გიორგი დიასამიძე განმარტავს, რომ "ევოლუშენი" დღეს სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რადგან კომპანიაში კადრების დეფიციტია. ამასთან, დიასამიძე აღნიშნავს, რომ გაფიცულების მხრიდან კომპანიას შეფერხება არ აქვს.

"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლები, "ლაბორთან" ერთად, დღეს, 12 ნოემბერს, 19:00 საათზე, გაფიცვის 124-ე დღის ანგარიშს წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, გაფიცულები კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. საკითხი მას შემდეგ გამწვავდა, რაც კომპანიის მენეჯერების სამსახურებრივი მიმოწერები გავრცელდა, სადაც ისინი დასაქმებულებს დისკრიმინაციული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებდნენ.

სხვა პრობლემებთან ერთად, დასაქმებულები წლებია საუბრობენ ვენტილაციის და ტემპერატურის კონტროლის, ასევე ანტისანიტარიის პრობლემებზე.

“ევოლუშენ ჯორჯია” აზარტული თამაშების სერვისების გლობალური მიმწოდებლის, შვედური კომპანია “ევოლუშენ გეიმინგის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები