მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანიების მხრიდან კორპორაციული ობლიგაციების ემისიებზე წელსაც დიდი მოთხოვნაა - ოთარ შარიქაძე

ოთარ შარიქაძე

“თიბისი კაპიტალში" აცხადებენ, რომ კომპანიების მხრიდან კორპორაციული ობლიგაციების გამოშვებაზე მიმდინარე წელსაც მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი.

როგორც „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა BMG-ს განუცხადა, 2025 წლის ბოლოს კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საჯარო და კერძო განთავსებების ჯამურმა მოცულობამ 2.9 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც 1.5 მლრდ ლარი ახალი ემისიები იყო.

ოთარ შარიქაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ სამომავლოდ ობლიგაციების ვადიანობაც გაიზრდება და ბაზარზე უფრო გრძელვადიანი განთავსებები იქნება.

“ბოლო ხუთი წელია ბაზარი აგრძელებს ზრდას. 2025 წელს რომ შევეხოთ, ობლიგაციების ჯამური მოცულობა უკვე ავიდა 3 მილიარდზე, დაახლოებით 2.9 მილიარდ ლარზე, საიდანაც 1.5 მლრდ იყო ახალი ემისიები. ეს იყო უპრეცედენტო ციფრი, ძალიან დივერსიფიცირებული გამოშვებები იყო, როგორც ლარის ემისიები, ასევე დოლარის ემისიები.

ვხედავთ, რამდენად დიდი ინტერესია კაპიტალის ბაზრის კორპორაციულ კომპანიებში. რეალურად უფრო და უფრო მეტი კომპანია ფიქრობს, რომ პოტენციურად ხომ არ შეუძლია მასაც გამოუშვას ობლიგაცია, რა ფორმით უნდა გამოუშვას, რა სარგებელი შეიძლება მოჰყვებოდეს ამ ემისიას.

ასევე მთავარი არის ის, რომ რაღაც ეტაპზე ქვეყანამ და კომპანიებმა მიაღწიეს იმ ზღვარს, რომ უფრო და უფრო მეტად ვხედავთ დიდ ჯგუფებს, რომლებიც აქამდე აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, უკვე ფიქრობენ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაზე.

მიჭირს თქმა, წელს რა მოცულობის ემისიები იქნება, იმიტომ რომ სიტუაცია გლობალურად არ არის სტაბილური რეგიონში, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი მოთხოვნა, რომ ემისიები წელსაც იყოს როგორც ლარში, ისე დოლარში. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ბაზარი გააგრძელებს ზრდას, უფრო და უფრო მრავალფეროვანი პროდუქტები გამოვა და ასევე ალბათ ვადიანობების კუთხითაც [გაიზრდება]. თუ აქამდე უფრო მეტად ორწლიან ფასიან ქაღალდებში “ვიკეტებოდით”, შეიძლება დღეს დავფიქრდეთ იმაზე, რომ სამწლიანი, ხუთწლიანი [ობლიგაციები] ხომ არ შეიძლება [განთავსდეს ბაზარზე] და აქედან გამომდინარე, უფრო და უფრო მეტად ვხედავთ ქართული კაპიტალის ბმას საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ჯამურ ბაზარზე.

ძალიან ბევრი კომპანია მეორადად გამოდის ბაზარზე. ანუ იშვიათია კომპანია, რომელიც გამოვიდა ბაზარზე და რაღაც მიზეზის გამო “ჩაქრა” ბონდი და გავიდა ბაზრიდან. ვინც გამოდის, ისინი ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ახლიდან აკეთებენ ან იგივე ბონდის რეფინანსირებას, ან უფრო მეტ შემთხვევაში ბონდის რაოდენობა, მოცულობა იზრდება ან სხვადასხვა ტიპის ბონდები გამოდის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან სეგმენტად ყალიბდება ობლიგაციების ემისია საბანკო დაფინანსების გვერდით”, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები