მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კომპანიების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებების ჩატარებას მათ მუშაობაზე უარყოფითი გავლენა არ ჰქონია"

5794df4bbb903
BM.GE
24.07.16 19:30
1578
CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის - „ბიზნესის დამოკიდებულება საგადასახადო სისტემისადმი საქართველოში“ მიხედვით, საგადასახადო შემოწმებები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მტკივნეული თემაა ბიზნესისათვის. პრობლემებს შორის, პირველ რიგში, სახელდება შემოწმებების ხანგრძლივობა და პროცესის გაჭიანურება. კვლევის ავტორები წერენ, რომ კომპანიების უმეტესობა ხშირ საგადასახადო შემოწმებას არ მიესალმება. მაგალითად, გამოკითხული კომპანიების 4% თვლის, რომ მათი მსგავსი საწარმოები საერთოდ არ უნდა ექვემდებარებოდნენ შემოწმებას. თუკი არჩევანის შესაძლებლობას მივცემთ, ისინი შემოწმების რაც შეიძლება იშვიათ პერიოდს ირჩევენ და ეს სამ წელიწადში ერთხელ არის.

2014 წელს გამოკითხული კომპანიების 23%-ში ჩატარდა ამა თუ იმ სახის საგადასახადო შემოწმება. შემოწმება უფრო მეტად დიდი ზომის კომპანიებში განხორციელდა. იგივეზე მიუთითებს შემოსავლების მიხედვით კომპანიების ანალიზი. თუკი კომპანიებს შემოსავლების მიხედვით დავაჯგუფებთ, ვნახავთ, რომ შემოწმებული საწარმოების 41%-ის შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია.

2014 წლის განმავლობაში გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 23%-ში ჩატარდა შემოწმება, ამათგან გასვლითი შემოწმება არ ჩატარებულა 50%-ში არც ერთხელ, ხოლო 40%-ში მხოლოდ ერთხელ. 11 კომპანიაში გასვლითი შემოწმება ჩატარდა ორჯერ ან მეტჯერ 2014 წელს. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოების უმეტესობა (71%) შემოწმების განმახორციელებელი პირების კომპეტენტურობას დადებითად აფასებს.

„იმ კომპანიებიდან, რომლებშიც რაიმე სახის საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობდა, შემოწმება შეჩერდა 12%-ში (30 კომპანია). შემთხვევათა უმრავლესობაში შემოწმება ერთხელ შეჩერდა. თუმცა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აღნიშნული პროცესი ორჯერ და ხუთჯერაც შეჩერებულა. როგორც შესავალში ვახსენეთ, მსგავსი სახის შეჩერებები, რაც რეალურად შემოწმების გახანგრძლივების საწინდარია, საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია ბიზნესისათვის.

ზოგადად, როგორც გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა აღნიშნავს, შემოწმებების ჩატარებას მათ მუშაობაზე უარყოფითი გავლენა არ ჰქონია. მხოლოდ 12-მა კომპანიამ აღნიშნა, რომ შემოწმებების შედეგად მათი საქმიანობა დროებით ან ნაწილობრივ იყო დახურული/შეჩერებული 2014 წელს და მხოლოდ ორმა კომპანიამ განაცხადა, რომ მათ დროის გასვლის გამო საურავის რაოდენობა გაეზარდათ.

იმ კომპანიებიდან, რომელშიც 2014 წელს რაიმე სახის შემოწმება ჩატარდა, თითქმის ნახევარს (47%) საგადახდო ვალდებულება დაეკისრა. ჯარიმების მოცულობა მერყეობს 100-დან 600 000 ლარამდე. ჯარიმების მოცულობა საგრძნობლად განსხვავდება, ერთის მხრივ, მცირე (საშუალოდ 3000 ლარი) და, მეორეს მხრივ, საშუალო და დიდ კომპანიებში (საშუალოდ 7000 ლარი)“, - ვკითხულობთ კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები