მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიებმა მარტივი გამოსავალი იპოვეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად ნიშნავენ ახლობელს, ან შიდა კადრს - ნიკა ასვანუა

ინტერნეტი

კომპანიებმა მარტივი გამოსავალი იპოვეს, ნიშნავენ ახლობელს ფორმალურად, ან შიდა კადრს, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელმა, ნიკა ასვანუამ “საქმიანი დილის” ეთერში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულებაზე საუბრისას განაცხადა. აღნიშნული ვალდებულება კომპანიებს 1-ელი ივნისიდან წარმოეშვათ. მისი დანიშვნის ვალდებულება აქვთ სადაზღვევო ორგანიზაციებს, ბანკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საჯარო დაწესებულებებს და ყველა იმ პირს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3%-ის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს.

„კომპანიების უმეტესობამ არჩევანი ნაკლებ დანახარჯზე გააკეთა და მიიღეს მარტივი გამოსავალი... ფორმალურად ნიშნავენ ახლობელს ან შიდა კადრს, ისეთსაც, რომლებიც კანონიდან გამომდინარე, ამ პოზიციაზე შეუთავსებელია. მაქვს მოლოდინი, რომ, როცა იმის შემოწმება დაიწყება, რამდენად კანონიერად განისაზღვრა ოფიცრები კომპანიაში, უამრავი დარღვევა გამოვლინდება. ამ კუთხით დღეს სურათი ძალიან ცუდია, ვინაიდან ოფიცრის დანიშვნა უბრალოდ დანიშვნა არ არის. ეს არის სუბიექტი, რომელმაც უნდა შეაფასოს, რამდენად არის ჩვენი უფლებები რეალიზებული კომპანიაში. ამ კუთხით ძალიან სავალალო მდგომარეობაა“, - აღნიშნა ნიკა ასვანუამ.

მისივე თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ოფიცერი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

„ფიზიკურ პირთა მიმართ არსებობს ნაკლოვანებები [კანონში], მათ შორის გაუგებარია, როგორ უნდა გავიდეს ის შვებულებაში, ვინ ჩაანაცვლებს მას. ევროპული მოდელი ამ კუთხით აუთსორსზეა მიმართულია და აუთსორს-კომპანია ემსახურება ორგანიზაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით“, - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელმა.

კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოვალეობებში შედის: მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და ანალიზი; დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წინაშე და ა.შ.

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას არ ჰყავს ოფიცერი და მისი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული, ჯარიმის მოცულობა დამოკიდებულია კომპანიის ბრუნვაზე და 1 000-20 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები